გიორგი დემეტრაძე: „ჩემი აზრით, დანიის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში ითამაშებს
Aa
Aa

გიორგი დემეტრაძე: „ჩემი აზრით, დანიის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში ითამაშებს"

მიმდინარე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირის, ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გულშემატკივარმა ჩეხეთისა და დანიის შეხვედრა იხილა. მატჩში 3 გოლი გავიდა და დანიის სასარგებლოდ, ანგარიშით - 1-2 დასრულდა. შედეგად, დანიამ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, გიორგი დემეტრაძეს დანიის ნაკრები განსაკუთრებით მოეწონა. მისი თქმით, დანია შეძლებს და ევრო 2020-ის ფინალში მოხვდება:

„დანია ჯგუფურ ეტაპზე კარგად გამოდიოდა, კარგი და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა და მისი ნახევარფინალში გასვლა კანონზომიერი იყო და არც ფინალში გასვლა გამიკვირდება. მთავარია, ნახევარფინალს როგორ ფიზიკურ კონდიციაში შეხვდება.

თუ გახსოვთ, 1992 წელს იუგოსლავიის ნაკრები რომ მოხსნეს, უეფა-მ ევროპის ჩემპიონატზე დანია ჩართო და გუნდმა ერთსულოვნებით ჩემპიონობას მიაღწია. ამ დანიის ნაკრების ძალა ისაა, რომ კარგად დაბალანსებული გუნდია – გუნდურ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. ჩემი აზრით, ფინალამდე მივა",-უთხრა დემეტრაძემ საქართველოს პირველ არხს.

იმისთვის, რომ დანია ფინალში მოხვდეს, ამისთვის მან ნახევარფინალში, ინგლისის ბარიერი უნდა გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ უკვე ვიცით ნახევარფინალური წყვილები: იტალია - ესპანეთი და ინგლისი - დანია. იტალია - ესპანეთის მატჩი 6 ივლისს შედგება და თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ინგლისი - დანია ერთმანეთს 7 ივლისს, იდენტურ დროს (23:00) დაუპირისპირდებიან. ევრო 2020-ის ფინალისტები სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება.

ევრო 2020 11 ივნისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება. ფინალურ მატჩს უემბლი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები