გაგრამ გულშემატკივარს დახმარება შესთავაზა: „გასვლითი მატჩის ბილეთებს უფასოდ მოგაწვდით
Aa
Aa

გაგრამ გულშემატკივარს დახმარება შესთავაზა: „გასვლითი მატჩის ბილეთებს უფასოდ მოგაწვდით"

ახალი ტურნირი, კონფერენს ლიგა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ანალოგი იქნება, სტარტს ივლისში აიღებს.

გულშემატკივარი კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იხილავს საქართველოს კრისტალბეთ ლიგა 2-ის წარმომადგენელ „გაგრას", რომელმაც საქართველოს თასის ფინალში „სამგურალი" დაამარცხა და ევროზონაში მოხვდა.  ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გაგა კირკიტაძის გუნდი მონტენეგროს წარმომადგენელ „სუტიესკას" დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება. 8 ივლისს „გაგრა" პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, ხოლო 15 ივლისს - სახლში.

სტუმრად გასამართი მატჩის წინ „გაგრამ" გულშემატკივარს მიმართა და დახმარება შესთავაზა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბი მსურველებს მატჩის ბილეთებს უფასოდ შესთავაზებს. ასევე, დაეხმარება სამგზავრო ბილეთებისა და სასტუმროს ნომრების ოპტიმალური ფასებით შეძენაში: 

„რამოდენიმე გულშემატკივარმა გამოთქვა სურვილი დაესწროს UEFA-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო გასვლით მატჩს მონტენეგროს სუტიესკასთან, რომელსაც საფეხბურთო კლუბი გაგრა სტუმრად 8 ივლისს, ქალაქ პოდგორიცაში გამართავს.

მოგეხსენებათ, ქვეყანაც საინტერესოა, როგორც ტურისტული ლოკაცია და გამოირჩევა საკმაოდ მიმზიდველი ფასებით და საუკეთესო სამზარეულოთი. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ მსურველებს დავეხმაროთ სამგზავრო ბილეთების და სასტუმროს ნომრების ოპტიმალურ ფასებში შეძენაში.

ასევე გატყობინებთ, რომ საფეხბურთო კლუბი გაგრა უფასოდ მოგაწვდით მატჩის ბილეთებს. ყველა მსურველს შეუძლია მიმართოს ჩვენს აგენტს",-ნათქვამია განცხადებაში.


აქვე გეტყვით, რომ  CrystalSport-ის ინფორმაციით, გუნდი კონფერენს ლიგის საშინაო შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის მთავარ მოედანზე ჩაატარებს. შეხვედრას დაესწრება გულშემატკივარი. საუბარია სტადიონის ტევადობის 30%-ზე, თუმცა უახლოეს დღეებში შესაძლოა, საკითხი გადაიხედოს და საკორდინაციო საბჭოს მსჯელობის შემდეგ, 50%-ით შეიცვალოს (მოგეხსენებათ, მიხეილ მესხის სახელობის ტევადობა 27 223-ია).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები