„214 კმ/სთ-ით მივქროდი და როცა გამაჩერეს პოლიციელების მოქრთამვა ვცადე“
Aa
Aa

„214 კმ/სთ-ით მივქროდი და როცა გამაჩერეს პოლიციელების მოქრთამვა ვცადე“

სნუკერის ლეგენდარულმა მოთამაშემ, რონი ოსალივანმა საინტერესო ისტორია გაიხსენა. 45 წლის ინგლისელმა Fuelling Around-ის პოდკასტში ბორნმუთში წაგებული ერთ-ერთი მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საგზაო წესების დარღვევის შემდეგ, პოლიციელების მოქრთამვა სცადა.

„მახსოვს, სახლში მივდიოდი და ახალი მანქანის გამოცდა მოვისურვე. სიჩქარის მომატების შემდეგ, დავინახე, რომ ერთ-ერთმა ავტომობილმა მოუხვია და ჩემ უკან აღმოჩნდა. ვიფიქრე, რომ საქმე პოლიციასთან მქონდა, მივხვდი, პრობლემებს ვერ გადავურჩებოდი და გადავწყვიტე, მანქანის შესაძლებლობები ბოლომდე გამომეყენებინა.

პოლიციელები იძულებული გახდნენ, რომ ჩემ შესაჩერებლად გზა გადაეკეტათ და როცა გამაჩერეს, მათი მოქრთამვა ვცადე. ჩემი მატჩის ბილეთები შევთავაზე და მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავი, თუმცა მითხრეს, რომ ვერტმფრენი გამოუძახიათ და ყველა ზომა მიუღიათ. ამიტომ, სასჯელს ვერ გადავურჩი. პოლიციელების თქმით, 214 კმ/სთ განვავითარე, მაგრამ რეალურად გაცილებით სწრაფად მივქროდი“.

ცნობისთვის, ინციდენტის გამო რონი ოსალივანს მართვის მოწმობა ჩამოართვეს და 1200 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. ინგლისელის თქმით, იმ შემთხვევის შემდეგ, იგი საგზაო წესებს აქტიურად იცავს და კანონი არც ერთხელ დაურღვევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები