„წვივის ტკივილის გამო სირბილი აღარ შეეძლოთ
Aa
Aa

„წვივის ტკივილის გამო სირბილი აღარ შეეძლოთ" - ურუგვაისთან 8 ცვლილება იქნება

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდე საერთაშორისო სერიის მეორე მატჩში 27-კაციანი განაცხადით ითამაშებენ. 23 ივნისს მათი მეტოქე ურუგვაის 20-წლამდე გუნდი იქნება (საქართველოს დროით 15:00 საათი), რომელმაც პირველ რაუნდში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ანგარიშით - 10:29 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თითქმის 16-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საერთაშორისო სერიის პირველი შეხვედრა გამართეს. საქართველოს 20-წლამდე ნაკრები არგენტინელ თანატოლებს დაუპირისპირდა და  ანგარიშით - 10-82 დამარცხდა.

ლადო კილასონია (ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

„რადგან აქცენტს 2022 წლის 20-წლამდე ჩემპიონატზე ვაკეთებთ, სამწვრთნელო ჯგუფის გადაწყვეტილება იყო, რომ სამხრეთ აფრიკაში ერთი წლით ახალგაზრდა მოთამაშეებით წამოვსულიყავით, რათა ამ ბიჭებს, რომლებსაც კოვიდ-პანდემიის გამო 18-წლამდელთა ნაკრებშიც არ ჰქონდათ ნათამაშები, საერთაშორისო გამოცდილება მიეღოთ. მანამდე, იმავე პანდემიის გამო, მათ მთელი წელი გაუცდათ.

მზადება შევარდენზე, ხელოვნურსაფარიან მოედანზე გავიარეთ და აფრიკაში ბუნებრივ საფარზე სულ ორი ვარჯიში გავმართეთ. იმ მოედანზე, სადაც ვითამაშეთ, კაპიტნის ვარჯიშისთვისაც კი მხოლოდ დამრტყმელები შეუშვეს, საფარი კი იყო ძალიან რბილი, რის გამოც პრაქტიკულად მთელს გუნდს კუნთების დაჭიმულობის პრობლემა შეექმნა.

შეხვედრას რომ მივყვეთ, საწყისი 29 წუთი არგენტინის ნახევარზე გავატარეთ. რაგბი შესაძლებლობების გამოყენების თამაშია, მაგრამ კლასი და გამოცდილება არ გვეყო და ამ პერიოდში ძალიან ცოტა ქულები ავიღეთ. დარჩენილ დროში კონტრშეტევაზე სამი ლელო მივიღეთ, რაც მეტოქის მაღალ კლასზე მეტყველებს. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევრის დასაწყისში შევძელით ერთი საპასუხო ლელოს გატანა და თამაშში ვრჩებოდით, თუმცა მერე თავი იჩინა პრობლემებმა. პრაქტიკულად მთელ გუნდს დაეწყო კუნთების ისეთი ტკივილი, რომ სიარულიც კი უჭირდათ.

ამ თამაშში მხოლოდ ერთი ტაქტიკური ცვლილება განვახორციელეთ, დანარჩენი კი იძულებითი იყო. მე-60 წუთიდან მოედანზე უკვე 13 კაცის ამარა დავრჩით, რადგან შეცვლები აღარ გვყავდა. 69-ე წუთზე კაპიტანს ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედანზე ბოლო 10 წუთი 12-ნი ვიყავით. ამას ისიც ემატებოდა, რომ მოედანზე დარჩენილი 3-4 მოთამაშეს წვივების ტკივილის გამო სირბილიც აღარ შეეძლო. ასეთ რიცხობრივ უპირატესობას ნებისმიერი გუნდი იყენებს და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

ამდენი ტრავმა ჩვენთვის დიდი მოულოდნელობა იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ბიჭებმა ერთი-ორი წლით უფროს არგენტინელებთან დიდი ბრძოლა გადაიტანეს, განსაკუთრებით პირველ 50 წუთში და მადლობა მათ ამ თავდადებისთვის. ისინი გულშემატკივრებს მომავალში აუცილებლად გაახარებენ“.

ურუგვაისთან მატჩისთვის უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში 8 მოთამაშე შეცვალა. მათი ნაწილი ზემოთნახსენები ტრავმებითაა გამოწვეული.

შერკინების ხაზში შეიცვალა ორივე ბურჯი და ორი მესამეხაზელი. სრულადაა შეცვლილი ღერძი, ასევე ცენტრი და ფულბეკი.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები