ოფიციალურად - მაუნტი და ჩილუელი 28 ივნისამდე კარანტინში იქნებიან
Aa
Aa

ოფიციალურად - მაუნტი და ჩილუელი 28 ივნისამდე კარანტინში იქნებიან

ინგლისის ნაკრებს 28 ივნისამდე ბენ ჩილუელი და მეისონ მაუნტი ვერ დაეხმარებიან. „ჩელსის“ ფეხბურთელებს შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ბილი გილმორთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, ახლო კონტაქტი ჰქონდათ და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ ისინი თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ.

„ვადასტურებთ, რომ ბენ ჩილუელი და მეისონ მაუნტი მომდევნო ორშაბათის ჩათვლით თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ. მათ ბილი გილმორთან, რომელსაც Covid-19 დაუდგინდა, ახლო კონტაქტი ჰქონდათ.

მაუნტი და ჩილუელი კარანტინში გადავლენ და სენტ ჯორჯის პარკის ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშებენ, ინგლისის ნაკრების სხვა ფეხბურთელები კი იქ ჩეხეთთან გასამართი მატჩის შემდეგ დაბრუნდებიან. ჩვენ კორონავირუსის პროტოკოლის დაცვას გავაგრძელებთ და უეფას მიერ მოთხოვნილ ტესტირების რეჟიმს დავიცავთ.

ორშაბათს, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებსა და პერსონალს ტესტები ჩაუტარდათ და ყველა პასუხი ნეგატიური იყო, ისევე როგორც მატჩის წინ ჩატარებული PCR ტესტების პასუხები’, - წერია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებს 4 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. „სამი ლომი“ მომდევნო შეხვედრას დღეს გამართავს და ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში, ბრიტანელები პირველ ადგილს დაიკავებენ და პლეიოფის ერთი მატჩის გარდა, ყველას „უემბლიზე“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები