Aa Aa
22 ივნისი 2021  |  09:27

კანჩელსკისი: ''პუტინს შეხვდა და ალბათ ის ხელი დღემდე არ დაუბანია''

ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დანიის ნაკრებმა კოპენჰაგენში, ''პარკენზე'' სტანისლავ ჩერჩესოვის გაწვრთნილი რუსეთის ნაკრები 4:1 დაამარცხა.

''მან. იუნაიტედის'' ექს-ფეხბურთელმა ანდრეი კანჩელსკისმა, რომელიც ბოლოს უზბეკურ ''ნავბაქორს'' წვრთნიდა (2019-20), ჩერჩესოვი მწვავედ გააკრიტიკა, რაც პირველი შემთხვევა ნამდვილად არაა.

მან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ Daily Mail-თან ისაუბრა:

''როდესაც სსრკ დაიშალა, რუსულ ფეხბურთში კრიზისი დაიწყო, რუსული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. არც ახლაა დიდებული ვითარება, რადგან რუსულ ფეხბურთში პრობლემებია.

რუსეთს ასეთი საშინელი ეროვნული ნაკრები არასდროს ჰყოლია, ყველა ამას ამბობს. ნაკრების წევრებს ეროვნულ ნაკრებში თამაში არ სურთ, რადგან მთავარ მწვრთნელთან პრობლემები აქვთ''.

მას შემდეგ რაც რუსეთის ნაკრებმა ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე წარუმატებლად იასპარეზა და B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, კანჩელსკისმა ჩერჩესოვი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:

''ჩერჩესოვი სასაცილო მეკარე იყო და სასაცილო მწვრთნელია, სულ ესაა. სავალალო მდგომარეობაა, დიდი პრობლემაა ფეხბურთში, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა.

2018 წლის მუნდიალიდან ყურებით გამოგვათრიეს. ჩერჩესოვმა პუტინს ხელი ჩამოართვა, კოსმოსში გაფრინდა და დღემდე არ დაბრუნებულა. ალბათ, ის ხელი დღემდე არ დაუბანია''.

კანჩელსკისის აზრით ჩერჩესოვს პოსტი 2017 წელს რუსეთში გამართული კონფედერაციის თასის შემდეგ უნდა დაეტოვებინა: ''რითი შეიძლება ამაყობდეს ჩერჩესოვი?  ერთი კარგი გუნდიც არ დაგვიმარცხებია''.

კითხვაზე თუ ვის ისურვებდა რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად, კანჩელსკისის პასუხი ასეთია: ''იური სიომინსა და ყურბან ბერდიევს''.

შეგახსენებთ, 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იან წლებში კანჩელსკისი და ჩერჩესოვი სსრკ-ს ნაკრებსა და რუსეთის ეროვნულ გუნდში თანაგუნდელები იყვნენ. ასევე, 1992 წელს დსთ-ს ნაკრებში ერთად თამაშობდნენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში