''პავარმა იმედი გამიცრუა'' - სანიოლმა საფრანგეთის ნაკრები გააკრიტიკა
Aa
Aa

''პავარმა იმედი გამიცრუა'' - სანიოლმა საფრანგეთის ნაკრები გააკრიტიკა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უნგრეთთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მცველი ბენჟამინ პავარი გააკრიტიკა:''მან იმედი გამიცრუა. ის ისეთი მოთამაშეა, რომელიც სტაბილურად კარგად თამაშობს, მაგრამ ამჯერად პრობლემები ჰქონდა''.

მიუნხენის ''ბაიერნის'' ექს-მცველი ამ თემაზე ფრანგულ მედიას (L'Equipe) ესაუბრა.

ვილი სანიოლის აზრით საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა მეტოქე სათანადოდ არ დააფასეს: ''საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები ზედმეტად მშვიდად იყვნენ, ეს საწყისი წუთებიდანვე იგრძნობოდა, მათ მეტოქე შესაბამისად არ დააფასეს. 

შესაძლოა, გერმანიასთან მატჩის შემდეგ მედიაში მათ მიმართ ბევრი დადებითი რამ დაიწერა, რამაც მათი თავდაჯერება ზედმეტად გაზარდა. თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ნიჭით წარმატებას ვერ მიაღწევ. ასევე, საწყისი წუთებიდან მოყოლებული უნგრელები ხისტად მოქმედებდნენ, მოედანზე მეტწილად ფრანგი ფეხბურთელები ეცემოდნენ, უნგრელებმა მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, თუმცა მეტოქის აგრესიული თამაში ფრანგთა განწყობაზე არ აისახა''.

ევრო 2020-ის F ჯგუფის პირველ ტურში საფრანგეთმა ჰუმელსის ავტოგოლით გერმანია დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში დიდი სენსაცია შედგა, უნგრეთისა და საფრანგეთის ნაკრების მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ატილა ფიოლას გოლით უნგრელები იგებდნენ, თუმცა ანტუან გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა და დეშამის გუნდი მარცხისგან იხსნა.

მესამე ტურში პორტუგალია - საფრანგეთს, ხოლო უნგრეთი გერმანიას დაუპირისპირდება. მატჩები 23 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები