ფერნანდეში: ''მახსოვს რონალდუს ცრემლები, მისი მენტალიტეტი ჩემი ინსპირაცია იყო''
Aa
Aa

ფერნანდეში: ''მახსოვს რონალდუს ცრემლები, მისი მენტალიტეტი ჩემი ინსპირაცია იყო''

''მანჩესტერ იუნაიტედის'' 26 წლის პორტუგალიელმა გამთამაშებელმა ბრუნო ფერნანდეშმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ''წითელი ეშმაკების'' ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

''ცხრა წლის ვიყავი, როცა რონალდუმ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა. ეს წელი თითოეულ პორტუგალიელთან დარჩა, რადგან ჩვენ ევროპის ჩემპიონატის ფინალში საკუთარ კედლებში დავმარცხდით.

მახსოვს რონალდუს ცრემლები ფინალში მარცხის შემდეგ. ის ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა მისი ვარსკვლავური წლები უკვე იწყებოდა.

მას შემდეგ მასზე დაკვირვება დავიწყე. ის ყოველდღიურად განვითარებაზე მუშაობდა, თითოეულ თამაშში 100 პროცენტით იხარჯებოდა. ჩემთვის მოტივაცია იყო რონალდუს ფეხბურთისადმი დამოკიდებულება, მისი მენტალიტეტი. ყოველ მატჩში გატანილი გოლის მიუხედავად თამაშების შემდეგ კვლავ პროგრესისა და განვითარებისთვის შრომობდა, სურდა უფრო ძლიერი გამხდარიყო. ეს იყო ჩემი ინსპირაცია.

რა თქმა უნდა, კრიშტიანუს ჰქონდა ცუდი თამაშები, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ ბრუნდები შემდეგ თამაშში. საკუთარ თავს ეუბნები, რომ კარგად ვერ ითამაშე, ახლა კი უკეთ უნდა წარმოაჩინო შესაძლებლობები.

მენტალურად ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად განვითარებასა და პროგრესზე მუშაობდე. მე ასე ვვითარდები და ეს იყო ჩემი უდიდესი მოტივაცია''. 

შეგახსენებთ, 2003-09 წლებში კრიშტიანუ რონალდუ ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელი იყო. მან ინგლისურ კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა სამჯერ მოიგო, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. რაც შეეხება ფერნანდეშის მიერ ნახსენებ ფინალს, ევრო 2004-ის გადამწყვეტ მატჩში საბერძნეთმა პორტუგალია ხარისტეასის გოლით დაამარცხა. აღნიშნული ტურნირი პორტუგალიაში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები