Aa
Aa

უნიკალური ამბავი - ნიდერლანდებში ბომბარდირის გუნდი გავარდა

ნიდერლანდების ჩემპიონატის ისტორიაში უნიკალური შემთხვევა ხდება. გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ერედივიზიეს „ვენლო“ დაემშვიდობება, ამ გუნდის ფორვარდი - გეორგიოს იაკუმაკისი კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

“ვენლომ“ სტუმრად „აიაქსთან“ 1:3 წააგო, იაკუმაკისმა მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა უშუალო კონკურენტ „ემენის“ გადასწრების თეორიული შანსიც დაკარგა.

ბერძენმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონის 33 ტურში 26 გოლი შეაგდო და უახლოეს მდევარ დონიელ მალენს 7 გოლით უსწრებს, სათამაშო კი მხოლოდ 1 ტური დარჩა. „ვენლოს“ სულ 43 გოლი აქვს გატანილი, მათგან 60% სწორედ იაკუმაკისის აქტივშია.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდური ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ფეხბურთელი, რომლის გუნდიც ლიგიდან გავარდება, საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

აქამდე ამ მხრივ საუკეთესო შედეგი ბომბარდირთა დავის მე-11 ადგილზე გასვლა იყო. 1958-59 წელს ამ შედეგს „ბრედას“ ფორვარდმა - ლეო კანიელსმა მიაღია, 2010-11 წლებში კი „ნაიმეგენის“ შემტევმა - ბიორნ ვლემინკსმა.

ცხადია, იაკუმაკისის შედეგიანობა იმის წინაპირობაა, რომ თუკი მისი პირადი სურვილი არ იქნება, მომდევნო სეზონში ქვედა დივიზიონში თამაში არ მოუწევს. მას შეთავაზებები ინგლისის პრემიერ ლიგისა და ჩემპიონშიფის კლუბებიდან, ასევე გერმანიიდან და თურქეთიდან აქვს.

გეორგიოს იაკუმაკისი „ვენლოში“ გასულ ზაფხულს, ათენის აეკ-იდან 200 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სააგენტო transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი ამჟამად 2.5 მილიონი ევროა.

26 წლის თავდამსხმელმა მიწვევა საბერძნეთის ნაკრებიდანაც მიიღო და მარტის სანაკრებო პაუზისას ესპანეთისა და საქართველოს წინააღმდეგ გამართული მატჩებისას შეცვლაზე ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები