მე-2 - ჭიკაძე, მე-3 - დვალიშვილი - UFC-მ ქართველი მებრძოლები გამოარჩია
Aa
Aa

მე-2 - ჭიკაძე, მე-3 - დვალიშვილი - UFC-მ ქართველი მებრძოლები გამოარჩია

UFC-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გასულ უქმეებზე გამართული ღონისძიება შეაფასა და ის მებრძოლები დაასახელა, რომლებმაც UFC Vegas 25-ზე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მთავარი გამარჯვებულები არიან.

პირველ ადგილზე ირჟი პროხაზკა გავიდა, რომელმაც მთავარ ბრძოლაში დომინიკ რეიესი დაანოკაუტა. აი, მეორე და მესამე პოზიციებს კი ქართველი მებრძოლები, გიგა ჭიკაძე და მერაბ დვალიშვილი იკავებენ.

2 - გიგა ჭიკაძე

„გიგა ჭიკაძე კაბ სვონსონთან ბრძოლაში შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ საშიში ისაა, რომ დროთა განმავლობაში ის უკეთესო მებრძოლი გახდება. გახსოვდეთ, რომ ესაა ბიჭი, რომელმაც სახელი კიკბოქსინგით გაითქვა და MMA-ის პროფესიონალი მებრძოლი 2015 წელს გახდა. იგი ამ სპორტში 5 წელზე ცოტათი მეტია მოღვაწეობს, ზოგიერთ მებრძოლს კი ამაზე 2-ჯერ მეტი გამოცდილება აქვს, ამიტომ, ჯერჯერობით ჭიკაძის საუკეთესო ვერსიას ვერ ვხედავთ და საინტერესო იქნება, საბოლოოდ, გიგას როგორ ვერსიას ვიხილავთ.

ჭიკაძემ სვონსონთან გამარჯვების შემდეგ, ყოფილი ჩემპიონი, მაქს ჰოლოუეი გამოიწვია. ეს უკანასკნელი ამ წონით დივიზიონში ნომერ პირველი პრეტენდენტია და სავარაუდოდ, მისი მომდევნო ბრძოლა გაცილებით მასშტაბური იქნება. რა კარგი ვარიანტები გვაქვს კიდევ? კელვინ კატარისა და ჭიკაძის ჩხუბი საინტერესო საინტერესო იქნებოდა, ისევე როგორც, ედსონ ბარბოსასა და გიგას დაპირისპირება. ქართველი მებრძოლისთვის, რომელსაც თავის წონით დივიზიონში დიდი მომავალი აქვს, ბევრი ვარიანტი არსებობს“, - წერს UFC-ის საიტი.

3 - მერაბ დვალიშვილი

„MACHINE! (მანქანა) რთულია, მერაბ დვალიშვილზე იფიქრო და მისი მეტსახელის დაწერისას დიდი ასოები არ გამოიყენო, რადგან მერაბის ბრძოლების ყურებისას სწორედ ეს შეგრძნება გეუფლება. მის შეტევებში ჟინი იგრძნობა და მართალია, კოდი სტამანის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა დაძაბული იყო, მაგრამ მსაჯების მიერ დაფიქსირებული ანგარიშის წაკითხვის შემდეგ, ყველამ იცოდა, გამარჯვებული ვინ იქნებოდა.

მერაბის მომდევნო მეტოქეს რაც შეეხება, პედრო მუნიოსი და ჯიმი რივერა ნამდვილად კარგი კანდიდატები არიან. გამორჩეული ვეტერანებიდან ერთ-ერთისა და მანქანის ჩხუბის ხილვა საინტერესო იქნებოდა, თანაც ორივეს შეუძლია, 15 წუთი დაუღალავად იბრძოლოს“, - წერს UFC-ის საიტი.

შეგახსენებთ, რომ UFC-მ რეიტინგები განაახლა და ჭიკაძე პირველი ქართველი გახდა, რომელიც ტოპ-10-ში მოხვდა, მერაბი კი სტამანთან გამარჯვების შემდეგ, თავის წონით დივიზიონში მე-11 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები