შესანიშნავი მოქმედება და ეფექტური გოლი - სიჭინავას მე-6 გოლი უკრაინაში
Aa
Aa

შესანიშნავი მოქმედება და ეფექტური გოლი - სიჭინავას მე-6 გოლი უკრაინაში

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში დონეცკის ''ოლიმპიკი'' საკუთარ მოედანზე ''ინგულეცთან'' 0:3 დამარცხდა. სტუმრებმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნეს, საგოლე პასი ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ შეასრულა.

მეორე ტაიმის სტარტზე, 48-ე წუთზე სიჭინავამ მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი შეაგდო. 

''ოლიმპიკის'' სასტარტო შემადგენლობაში თემურ ჩოგაძე მოხვდა, რომელიც მე-9 წუთზე გააფრთხილეს, 64-ე წუთზე კი შეცვალეს. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის უკრაინის ჩემპიონატში სიჭინივა კაპიტნის ამპლუაში პირველად ვიხილეთ. მან სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მიმდინარე სეზონში 26 წლის თავდამსხმელმა პრემიერ ლიგის 20 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

24 ტურის შემდეგ 14-გუნდიან ჩემპიონატში ''ინგულეცი'' 23 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო ''ოლიმპიკი'' 21 ქულით მე-13 ადგილზეა და ბოლოადგილოსანს 3 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი.

ქუთაისში დაბადებული სიჭინავა ფოთის ''კოლხეთისა'' (2013, 2014-15) და თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' (2013-14) ყოფილი მოთამაშეა. 2016 წლიდან მოყოლებული ''ინგულეცის'' ღირსებას იცავს. 2019-20 წლების სეზონში უკრაინის რანგით მეორე ლიგაში 17 გოლი გაიტანა და კლუბს უმაღლეს ლიგაში აღზევებაში დაეხმარა.

Metaratings-ის ცნობით მოთამაშის გადაბირებას უნგრული ''ფეჰერვარი'', ყაზანის ''რუბინი'', მოსკოვის ''დინამო'' და მოლდოვური ტირასპოლის ''შერიფი'' გეგმავენ. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონში ეწურება, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები