Aa
Aa

"აქ ყოფნა დიდი პატივი იყო" - ფლიკი ბაიერნს ემოციურად დაემშვიდობა

ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჰანსი ფლიკი მიუნხენის „ბაიერნის“ დამრიგებელი აღარ იქნება. მას იულიან ნაგელსმანი ჩაანაცვლებს. 56 წლის სპეციალისტი „რეკორდმაისტერის“ გულშემატკივრებს ემოციურად გამოემშვიდობა.

რა თქვა ფლიკმა?

„ჩემთვის ბოლო 2 წელი დაუვიწყარი იქნება. ძალიან ვისიამოვნე იმ ემოციებით, ტიტულებით და გამარჯვებებით, რომლებიც „ბაიერნისგან“ მივიღე. ასევე ვტკბებოდი ყოველდღიურობით. ეს საოცარი პერიოდი იყო.

წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთიანობით შეიძლება. მწვრთნელი არაფერია მისი გუნდის გარეშე. ბედნიერი ვიყავი, რომ შევხვდი ფანტასტიკურ მოთამაშეებს, მწვრთნელებს, სტაფის წევრებს და ყველას, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს. თქვენ საუკეთესოები ხართ. დიდი მადლობა ყველას!

განსაკუთრებული მადლობა ჰერბერტ ჰაინერს, რუმენიგეს, ოლივერ კანს და სალიჰამიჯიჩს, რათა ასეთი დიდებული გუნდის გაწვრთნის საშუალება მომცეს. უარყოფითი მხოლოდ ის გახლავთ, რომ ამ პერიოდში გულშემატკივრებთან ერთად რამდენიმე ტიტული ვერ აღვნიშნეთ. მე ისინი ყველა თამაშში მენატრებოდნენ.

„ბაიერნის“ ოჯახს მომავალში უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. ეს არ არის უბრალო სიტყვები, როდესაც ვამბობ, რომ ჩემთვის აქ ყოფნა უდიდესი პატივი იყო.“

ფლიკის შედეგები „ბაიერნში“ 

56 წლის მწვრთნელმა მიუნხენურ გრანდში 2019 წლის ნოემბერში ნიკო კოვაჩი ჩაანაცვლა და „ბაიერნი“ საოცრად აათამაშა. „რეკორდმაისტერმა“ ფლიკის ხელმძღვანელობით ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო. 

ჰანსი ჩემპიონთა ლიგის ექვსი გზის გამარჯვებულს დღემდე 83-ჯერ გაუძღვა. 68-ჯერ გაიმარჯვა, 8-ჯერ დამარცხდა და 7 ფრეს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები