„იმ დღეს მისი კარიერა 180 გრადუსით შეიცვალა“ – AS ხვიჩაზე წერს
Aa
Aa

„იმ დღეს მისი კარიერა 180 გრადუსით შეიცვალა“ – AS ხვიჩაზე წერს

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიის სათაური ასეთი გახლავთ - „ქართველი, რომელმაც ესპანეთის ნაკრები სასოწარკვეთაში ჩააგდო, გრანდებს უკვე მოსწონთ“ და მასში „კვარას“ ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე ისაუბრა.

„28 მარტს, ესპანეთის ნაკრებმა გამართა მატჩი, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან აღებული ქულის შემდეგ, ესპანეთს საქართველოსთან ჩანიშნულ გასვლით დაპირისპირებაში აუცილებლად უნდა მოეგო, თუმცა ფურია როხას ელოდებოდა ვარსკვლავი, რომელიც ფართო მასებისთვის ცნობილი არ იყო - ხვიჩა კვარაცხელია. იმ დღეს, 20 წლის ფეხბურთელის კარიერა 180 გრადუსით შეიცვალა (იგი Transfermarkt-ზე ყველაზე ნახვადი მოთამაშე გახდა, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა).

ლუის ენრიკეს გუნდი შესვენებაზე სერიოზული პრობლემებით გავიდა. საქართველო 1-0-ს იგებდა და განგაშის ზარების შემოკვრის დრო იყო, ამაში მთავარი დამნაშავე კი სწორედ ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ - მარცხენა გარემარბი, რომელმაც პირველ ნახევარში, დამაგვირგვინებელ ფაზაში ოსტატურად ითამაშა. ხვიჩამ შესანიშნავად იასპარეზა და ფურია როხას გამარჯვების მიუხედავად, ესპანეთისა და საქართველოს დუელი უყურადღებოდ არ დარჩენილა. გოლთან ერთად, კვარაცხელიამ შთამბეჭდავი მაჩვენებლები დააფიქსირა. მან 13 ორთაბრძოლა მოიგო, 5 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და მეტოქეს ბურთი ერთხელ აართვა.

იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცებს ეგონათ, რომ ესპანეთთან ხვიჩას მიერ ნაჩვენები თამაში შემთხვევითობა იყო, ქართველმა ფეხბურთელმა მალევე დაამტკიცა, რომ ეს ასე არ გახლდათ. რამდენიმე დღის შემდეგ, მან მეტოქე გუნდის კარი კიდევ ერთხელ აიღო და ამჯერად საბერძნეთს გაუტანა. კვარაცხელიამ ბრწყინვალე ბურთი შეაგდო. მან ფინტებით ბერძენთა უკანახაზელი წააქცია და ძლიერი დარტყმით საქართველოს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. ხვიჩამ თავისი შესაძლებლობების გამოვლენა სანაკრებო პაუზის შემდეგაც განაგრძო. რუბინის რიგებში მან ჩინებულად იასპარეზა და სოჭის გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა.

გამომდინარე აქედან, ბოლო ორი თვეა კვარაცხელიას შესახებ აქტიურად საუბრობენ. მასზე თვით Tuttosport წერს და ამბობს, რომ მას იუვენტუსი და მილანი აკვირდებიან. ხვიჩა შესანიშნავ სეზონს ატარებს და რუბინის მაისურით, მის ანგარიშზე 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა“, - წერს AS.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა ტალანტმა „ურალთან” შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით სამი კვირის გამოტოვება მოუწევს. „ხვიჩას ბარძაყის უკანა ნაწილის ტრავმა აქვს და გამოსაჯანმრთელებლად 2-3 კვირა დასჭირდება. ითამაშებს, თუ არა ამ სეზონში? ჩემპიონატი სამ კვირაში სრულდება და საუკეთესო შემთხვევაში მას მოედანზე ბოლო ტურში ვიხილავთ. შესაძლოა ბოლო ორი ტურიც ითამაშოს“, - განაცხადა „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები