Aa
Aa

ვინ ჩაიბარებს ტოტენჰემს? - დეზების სია და მთავარი კრიტერიუმები

„ტოტენჰემი“ ჟოზე მოურინიოს შემცვლელს ეძებს და რამდენიმე კანდიდატი ჰყავს შერჩეული. „დეზებს“ დროებით რაიან მეისონი წვრთნის, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა „საუთჰემპტონთან“ გამარჯვებით აღნიშნა და კლუბში სეზონის ბოლომდე იმუშავებს, თუმცა ზაფხულში პოსტის დატოვება მოუწევს.

Football.london-ის ინფორმაციით, „ტოტენჰემს“ პროგრესულად მოაზროვნე, შეტევასა და ბურთის ფლობაზე კონცენტრირებული და რაც მთავრია, „დეზების“ კულტურასთან ახლოს მყოფი სპეციალისტის დანიშვნა სურს. მათ სიაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი იულიან ნაგელსმანს უკავია, თუმცა ამ უკანასკნელზე დიდი კონკურენციაა და იგი „ლაიპციგს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ გუნდი მის სანაცვლოდ სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს.

ნაგელსმანის გარდა, საუბარი მაურიციო სარიზე და მასიმილიანო ალეგრიზე მიდიოდა, თუმცა Football.london-ს თუ დავუჯერებთ, ბოლო პერიოდში ორი ფავორიტი გამოიკვეთა. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „ტოტენჰემი“ ერიკ ტენ ჰაგითა და „ბრაიტონის“ თავკაცით, გრემ პოტერით დაინტერესდა.

ტენ ჰაგი „აიაქსში“ წარმატებულად მუშაობს და ამსტერდამელები მისი მოღვაწეობით კმაყოფილნი არიან. ნიდერლანდურ კლუბს მისი შენარჩუნება სურს, თუმცა ტენ ჰაგის სურვილის შემთხვევაში, მის წასვლას არ შეეწინააღმდეგება. პოტერს რაც შეეხება, Football.london ამ ეტაპზე მას ერთ-ერთ ფავორიტად ასახელებს. „ბრაიტონის“ თავკაცი პრემიერ ლიგას კარგად იცნობს და მისი სტილი და პირადი ღირებულებები „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელთა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

შეგასენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემის“ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. „დეზებს“ 53 ქულა აქვთ და მეოთხეადგილოსან „ჩელსის“ 2-ით, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ „ლესტერს“ 3 ქულით ჩამორჩებიან. ლონდონელები მომდევნო შეხვედრას 2 მაისს გამართავენ და „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები