Aa
Aa

პენალტი მოიგერია - მაკარიძემ ალმერიას ლიდერთან ქულა მოაპოვებინა

გიორგი მაკარიძემ ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ პენალტი მოიგერია და საკუთარ გუნდს ჩემპიონატის ლიდერთან ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ქართველი გოლკიპერი, მოგეხსენებათ, ამჟამად თამაშობს „ალმერიაში“, რომელიც თავის არენაზე „ესპანიოლს“ მასპინძლობდა. ალმერიელები დაპირისპირებას 60 ქულით შეხვდნენ, კატალონიელებს კი 70 ქულა ჰქონდათ.

„ალმერია“ 51-ე წუთზე, უმარ სადიქის გოლით დაწინაურდა, რასაც შვიდიოდ წუთში დიმატას გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. 69-ე წუთზე კი, „ესპანიოლის“ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა და „თუთიყუშების“ ანგარიშში წინ გაყვანას რაულ დე ტომასი შეეცადა. მაკარიძემ ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს 11 მეტრიდან არ გაატანინა და ამის შემდეგ ანგარიში აღარც შეცვლილა - 1:1.

პრიმერა დივიზიონში პირდაპირ გადასასვლელად მებრძოლი „ალმერია“ ბოლო დროს ძალიან არასტაბილურია და უკანასკნელ 7 ტურში მხოლოდ 6 ქულა აქვს მოპოვებული. ანდალუსიელთა აქტივში 61 ქულაა, რაც მე-3 ადგილზე ყოფნის საშუალებას აძლევს. მე-2 ადგილოსან „მალიორკასთან“ სხვაობა 7 ქულაა, ლიდერ „ესპანიოლს“ კი 10 ქულით მეტი აქვს. როგორც ვიცით, ლა ლიგაში 2 გუნდი პირდაპირ გადადის, მესამედან მეექვსე პოზიციაზე გასული კლუბები კი პლეი-ოფით კიდევ 1 საგზურის მფლობელს გამოავლენენ.

მაკარიძის გუნდის შემდეგი მეტოქე იქნება „მირანდესი“, რომელიც ცხრილის მე-10 საფეხურზეა და პლეი-ოფის ზონაში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. თამაში 25 აპრილსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები