Aa
Aa

შამბლის გოლკიპერმა ტრავმა მიიღო და კარში მეკარეების მწვრთნელი ჩადგა

საფეხბურთო კლუბი „შამბლი“ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და ლიგა 2-ის 33-ე ტურში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. „ამიენთან“ გამართული მატჩის პირველ ტაიმში „შამბლის“ 38 წლის მეკარემ, ქსავიე პინოტომ რომელმაც მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრა ჩაატარა, დაზიანება მიიღო და მასპინძელთა პრობლემები სწორედ აქედან დაიწყო.

საქმე ისაა, რომ „შამბლის“ ყველა სხვა გოლკიპერი ტრავმირებული გახლავთ. პინოტოს შემცვლელი, სიმონ პონდემე ლაზარეთში მარტის შემდეგ იმყოფება და იოგების დაჭიმულობა აწუხებს. მესამე მეკარეს, კილიან ლე რუას კი თეძო აქვს დაზიანებული. ასეთ დროს კლუბები ახალგაზრდული გუნდის კარის დარაჯს მიმართავენ, მაგრამ 18 წლის ვიქტორ გასმანს მაჯა აქვს მოტეხილი და ამან „შამბლის“ მდგომარეობა ერთიორად დაამძიმა.

კლუბს მხსნელად მეკარეების მწვრთნელი, ვენსან პლანტი მოევლინა. ეს უკანასკნელი ამ პოსტს რამდენიმე წელია იკავებს და საკადრო პრობლემების გამო მიმდინარე სეზონში რამდენჯერმე განაცხადშიც მოხვდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ პლანტის განაცხადში დასახელებით გუნდის თავკაცი უბრალოდ თავს იზღვევდა, თუმცა „ამიენთან“ გამართულ დერბიში ყველაფერი შეიცვალა.

40 წლის პლანტს „სენტ-ეტიენში“, „კაენსა“ და „ავინიონში“ უთამაშია და ლიგა 1-ში კარი მშრალად 110-ჯერ აქვს შენახული. ბოლოს უმაღლეს დონეზე მან 2015 წელს იასპარეზა, როცა „რედ სტარის“ ღირსებას იცავდა და ამის შემდეგ, საფრანგეთის რანგით მეოთხე დივიზიონს მიაშურა, სადაც უმეტეს წილად პრაქტიკის მისაღებად წავიდა. პლანტს მეკარის ფუნქციები თითქმის 6 წელია არ შეუთავსებია, თუმცა დავალებას თავი მშვენივრად გაართვა და გოლი არ გაუშვია.

„საოცარი ისტორიაა. ისტორიაა. სამწუხაროდ ჩვენს კლუბს, რომელიც კორონავირუსმა დააზარალა, ასეთი პრობლემები აქვს. ორმა მეკარემ ტრავმა მიიღო, პინოტომ კი კუნთი დაიზიანა და პირველი ტაიმის შემდეგ, თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. გოლკიპერის ფუნქციების შესრულება მომიწია, თუმცა ეს ჩემი სამუშაოა.

როცა კარიერა დასრულებული გაქვს და ასეთი რამ ხდება, ნამდვილად უცნაურია. შამბლის სარეზერვო და მესამე გუნდში რამდენჯერმე ვიასპარეზე, მაგრამ ის შეხვედრები პროფესიონალურ დონეზე გამართული მატჩები არ ყოფილა. თამაშისას ჩემს ოჯახსა და მეგობრებზე ვფიქრობდი“.

ცნობისთვის, „შამბლიმ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღო და 2-0 იმარჯვა. ფრანგული კლუბის ანგარიშზე 31 ქულაა და მე-18 ადგილზე მყოფ „გენგამს“ ხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები