„ბედნიერი ვარ ევროპაზე 9 აპრილს რომ გავედით
Aa
Aa

„ბედნიერი ვარ ევროპაზე 9 აპრილს რომ გავედით" - საფრანგეთთან მატჩისშემდგომი კომენტარები

საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ საფრანგეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, რომლითაც ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ემოციები ვერ დამალა.

„ეს მატჩი ძალიან ძნელი ჩასატარებელი იყო იმ ბიჭებისთვის, ვინც რუმინეთთან წინა ციკლისას წაგებულ პლეიოფში ვითამაშეთ. ყველაფერი დავდეთ და ჩემთვის ეს წარმატება განსაკუთრებულია.

9 აპრილს, როცა ეს ტრაგედია მოხდა, 8 თუ 9 წლის ვიყავი. 32 წლის შემდეგაც მახსოვს ტანკები რომ იდგნენ და დღე, როცა ეზოში ყოფნისას ამ ტრაგედიის შესახებ გავიგეთ. მინდა, საქართველოს მივუსამძიმრო და 9 აპრილს დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გავიხსენო. მიხარია, დღეს ამ დიდ წარმატებას რომ მივაღწიეთ. ქართველებისთვის ფეხბურთი რელიგიასავითაა, ყველაფერია და ამიტომ ყველას გილოცავთ.

ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება დიდი სიხარულია და ცრემლების შეკავება არ შემიძლია. ეს ჩემთვის ბოლო შანსი იყო და კარიერის დასასრულს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის საშუალება მომეცა, თანაც ასეთი მატჩის შემდეგ. ბიჭებს, სამწვრთნელო სტაფს, კობიაშვილს, იაშვილს დიდი მადლობა – ყველამ ყველაფერი ჩადო“.

საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმაც გააკეთა: „პირველი რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ როცა მე და ფეხბურთის ფედერაცია საფრანგეთთან გასამართი საშინაო მატჩის თარიღზე ვმუშაობდით, რამდენიმე ვარიანტი იყო - 7,8,9 და 10 აპრილი. პირადად ჩემი გადაწყვეტილებით 9 აპრილი ავირჩიეთ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დღეა და ამის შესახებ ყველამ იცოდა. ბრაზილიელებს ავუხსენით თუ რაოდენ მნიშვნელოვან დღეზეა საუბარი და რა მოვიპოვეთ ამ დღეს. მათ ყველა ინფორმაცია გადავეცით და რა თქმა უნდა, მათი მხარდაჭერა თამაშზეც აისახა. 9 აპრილმა უდიდესი სტიმული მოგვცა და მინდა, რომ ეს გამარჯვება იმას მივუძღვნა, რაზეც ქართველები ამდენი წელია ამ დღესთან დაკავშირებით ვსაუბრობთ.

მეორე ფაქტორი გულშემატკივრებს უკავშირდებათ. დღეს ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ძალიან გაგვიჭირდებოდა. განსაკუთრებით ბოლო წუთებში ვგრძნობდით იმას, თუ რა როლი ითამაშა ქართველმა ქომაგმა ჩვენს წარმატებაში. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. მეორე ადგილი ურთულეს ჯგუფში დავიკავეთ და ძალიან კარგია ოცნებები რეალობად რომ ვაქციეთ. ბოლო თამაშისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. ბევრი ვიმუშავეთ, მოვემზადეთ და უამრავი ღამე გავათენეთ, რათა ფეხბურთელებისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა, თუ რას ვაპირებდით და რა სისტემით თამაშს ვგეგმავდით. მიხარია, რომ ჩვენი შრომა გამოჩნდა“.

მატჩის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმაც ისაუბრა: „პირველ რიგში, ჩვენს ეროვნულ ნაკრებსა და ქართველ გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ვულოცავ. იცით, რომ ამ მოგებით გარანტირებულად მეორე ადგილი დავიკავეთ და ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გავედით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები