ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ხვიჩას გარეშე ნაპოლი ვერ იგებს

სერია A-ს შარშანდელი სეზონი, რომელიც მის იტალიურ კარიერაში სადებიუტო იყო და გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს, ხვიჩა კვარაცხელიასთვის იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ბევრი თვლის, რომ წელს 23 წლის ქართველი სათანადოდ ვეღარ გამოიყურება. თუმცა, სტატისტიკური მონაცემები სულ სხვა ფაქტებზე მეტყველებს - წლევანდელ სეზონში კვარამ საკლუბო დონეზე სამი მატჩი გამოტოვა, სამივე იტალიის პირველობაზე და სამივეში „ნაპოლიმ“ ქულები დაკარგა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიგურაა ის გუნდისთვის.

თანაგუნდელების თამაშისთვის თვალყურის სახლიდან მიდევნება წელს კვარას პირველად 28 იანვარს მოუწია, როდესაც „სტადიო ოლიმპიკოზე“ „ლაციოსთან“ (0:0) შეხვედრა ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო გამოტოვა. 26 მარტს, ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ საბერძნეთის ნაკრებთან ერთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მან კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც 30 მარტს „სტადიო მარადონაზე“ ნეაპოლელებს „ატალანტასთან“ ვერ დაეხმარა და პრინციპულ შეხვედრაში პარტენოპეი უშანსოდ, 0:3 დამარცხდა. ასევე კუნთის დაზიანება გახდა რამდენიმე დღის წინ „უდინეზესთან“ სტუმრად გამართულ მატჩში ხვიჩას არყოფნის მიზეზი და მიუხედავად იმისა, რომ „სტადიო ფრიულიზე“ სტუმრები ვიქტორ ოსიმენის გოლით იგებდნენ, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ ფრედ დასჯერდნენ.

ჯერჯერობით კვარას სრული დატვირთვით ვარჯიში არ დაუწყია და უცნობია შეძლებს თუ არა „ნაპოლი“ – „ბოლონიას“ მატჩისთვის გამოჯანმრთელებას, რომელიც შაბათს, 11 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 41 შეხვედრაში მის ანგარიშზე 10 გოლი და 7 საგოლე პასია. შვიდიდან ექვსი საგოლე პასი სერია A-ში აქვს შესრულებული და ასისტენტთა დავის ლიდერს, პაულო დიბალას სამი გადაცემით ჩამორჩება. დარჩენილ სამ ტურში კიდევ ორი ბურთის გატანის შემთხვევაში კი, ხვიჩა შარშანდელ შედეგს გაიმეორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ის და რეალის ინტერესი რეალურია - Corriere ხვიჩას მომავალზე წერს
პსჟ-ის და რეალის ინტერესი რეალურია - Corriere ხვიჩას მომავალზე წერს