მეორე ვადა - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად მიხეილ აბაიშვილი აირჩიეს
Aa
Aa

მეორე ვადა - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად მიხეილ აბაიშვილი აირჩიეს

კვირას, 4 აპრილს, გაიმართა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, რომელზეც სხვადასხვა საკითხების განხილვასთან ერთად, ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. 

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია ასოციაციის 79-მა წევრმა გაიარა, რაც ქვორუმის შედგენისთვის 2-ით მეტი გახლდათ. პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ აბაიშვილი იყო, რომელსაც ყველა დარეგისტრირებულმა მხარი ერთხმად დაუჭირა და სსჟა-ის პრეზიდენტის პოსტს ზედიზედ მეორე ვადით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

აბაიშვილი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს. მაშინ მან თანამდებობაზე გია გორგოძე ჩაანაცვლა. ასევე ერთხმად დამტკიცდა სსჟა-ის აღმასკომიც, რომელშიც წევრთა რაოდენობა და ვინაობა უცვლელია.

უცვლელია სხვა მაღალჩინოსანთა პოზიციებიც. ასევე ერთხმად დამტკიცდა, რომ სსჟა-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ ბიძინა ბარათაშვილი იქნება, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს თენგიზ პაჭკორია დაიკავებს, ხოლო გენერალურ მდივნად ზურაბ თალაკვაძე რჩება.

საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე გენერალურმა მდივანმა, ზურა თალაკვაძემ გასული 4 წლის განმავლობაში ასოციაციის მუშაობა შეაჯამა. ამ პერიოდში სსჟა-ის ჯამური ბიუჯეტი 937 ათასი ლარი გახლდათ, რომლითაც 42 წიგნის გამოცემა, სპორტულ თემატიკაზე გადაღებული ფილმები, საუკეთესო სპორტსმენთა და ჟურნალისტთა ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიებები, სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრებების სპორტული აქტივობები და უცხოური ვოიაჟები, ასევე სხვადასხვა ფედერაციებთან კოორდინაციით, მედიის წარმომადგენელთა ქართველ სპორტსმენთა და ნაკრებთა უცხოურ ასპარეზობებზე სისტემატურად გამგზავრებები დაფინანსდა.

ცხელი ამბები