Aa
Aa

"საქართველო მინიმუმ ქულას იმსახურებდა, ესპანეთი სიკვდილს გადაურჩა" - უცხოური პრესის შეფასება

მსოფლიოს წამყვანი გამოცემები საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრას ეხმაურებიან. ყველა მათგანი აქცენტირებს, რომ ესპანელებს მძიმე თამაში ჰქონდათ, რამდენიმე მათგანის აზრით კი „ჯვაროსნები“ მინიმუმ ქულას იმსახურებდნენ.

„ოლმომ ესპანეთი სიკვდილს გადაარჩინა“, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას მადრიდული Marca. გავლენიანი გამოცემა აღნიშნავს, რომ პირენეელებმა დრამატული გამარჯვება მოიპოვეს, საქართველომ კი მეტოქეს საქმე ძალიან გაურთულა.

„ყველაფერი უკვე ბეწვის ხიდთან იყო, ბოლო ნახევარ საათში ჩვენები მომატებას ყველა შეტევისას ცდილობდნენ, პარალელურად კი ფრთხილობდნენ, რადგან ქართველებს მარცხენა მხარეს ბრწყინვალედ მოთამაშე კვარაცხელია ჰყავდათ.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მოედანზე თავი ძალიან არაკომფორტულად აგრძნობინა და საქმე გაურთულა. განსაკუთრებით ეს კონტრშეტევებზე ითქმის, რასაც გულშემატკივრების ხმამაღალი შეძახილებიც ემატებოდა.

ესპანეთის ნაკრები ზედიზედ მეორე 1:1-ს თითქმის ეგუებოდა, როცა დანი ოლმომ გმირობა ჩაიდინა, გუნდს დრამატული გამარჯვება მოუტანა და სირცხვილს გადაარჩინა“, - წერს Marca.

ასევე Marca-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ სერხიო რამოსის სათადარიგოთა სკამზე დატოვება ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება იყო და „რეალის“ კაპიტანს ტრავმა არ აქვს.

კიდევ ერთი ცნობილი მადრიდული გამოცემა AS-ი საქართველოს ნაკრების ეფექტურ პრესინგსა და სწრაფ პოზიციონირებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ესპანეთის ნაკრებს თბილისში ნამდვილი ბრძოლა ჰქონდა და დანი ოლმოს დარტყმის წყალობით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ქართველების ინტენსიურმა პრესინგმა და სწრაფმა პოზიციონირებამ „ფურია როხას“ ცხოვრება ძალიან გაურთულა“, - ასეთია AS-ის შეფასება.

„ოქროს გოლი“, - ასეთი წარწერაა კატალონიური Mundo Deportivo-ს დღევანდელი ნომრის პირველ გვერდზე.

„თუკი ესპანეთი პირველ ტაიმში ისეთივე გუნდი იყო, როგორიც საბერძნეთთან, საქართველო არ იყო საბერძნეთი, რადგან მათ შეტევებზე უარი არ უთქვამთ. სანიოლის გუნდი მუდმივად შანსების ძიებაში იყო, ყველაზე დიდი საშიშროება კი კვარაცხელიასგან მოდიოდა. ამ უკანასკნელმა 44-ე წუთზე კონტრშეტების შემდეგ უნაი სიმონს გაუტანა და ესპანელები შესვენებაზე შეშფოთებული სახეებით გავიდნენ.

საბოლოოდ, პირენეელებს მეტოქის დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. ჯერ ფერან ტორესმა გაათანაბრა, ბოლო წუთებზე კი დანი ოლმომ გუნდს ოქროს სამი ქულა მოუტანა“, აღნიშნავს Mundo Deportivo.

მატჩს ეხმაურება კიდევ ერთი კატალონიური გამოცემა Sport-ი: „საქართველომ მიმდინარეობისას თანდათან ბრჭყალები გამოაჩინა და აჩვენა, რომ ესპანელთათვის ზიანის მიყენება თავადაც შეეძლო. კუთხურიდან კაშიამ მიერ შესრულებული თავური დარტყმა სერიოზული გაფრთხილება იყო. ცხადია, პირველ ტაიმში „ფურია როხას“ ბურთი დიდი დოზით ჰქონდა, მაგრამ სახიფათო არაფერი შეუქმნია“, - ასეთ შეფასებას აკეთებს Sport-ი.

„ესპანეთის ნაკრებმა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 28 წელია არ წაუგია, საქართველოსთან მატჩის პირველი ტაიმი 0:1-ით დატოვა. ქართველები წინ ხვიჩა კვარაცხელიამ გაიყვანა.

ალბამ ბოლო წუთებზე საგოლე გადაცემა გაუკეთა დანი ოლმოს, რომელმაც შორი მანძილიდან გაიტანა და 15 000 ფანის წინ ესპანეთს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა“, - ასე აფასებს თამაშს BBC.

„დანი ოლმოს დამატებულ წუთებზე გატანილი გოლით ესპანეთმა საქართველოს გასვლით მატჩში 2:1 მოუგო. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შეკრებილი 15 000 გულშემატკივარი პირველი ტაიმის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიამ გაახარა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

ესპანელები მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო 28 წელში პირველი მარცხის საშიშროების წინაშე დადგნენ, თუმცა ალბას პასით ჯერ ფერან ტორესმა გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ასევე ალბას გადაცემის შემდეგ დანი ოლმომ შეაგდო. უნდა აღინიშნოს, რომ მეკარე გიორგი ლორიამ ბურთზე ითამაშა, მაგრამ გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო“, - წერს ბრიტანული Skysports.

ცნობილი ამერიკული სატელევიზიო ქსელის, CBS Sports-ის აზრით, საქართველოს ნაკრები მინიმუმ ქულას მაინც იმსახურებდა.

„თამაშში ორივე გუნდმა უზარმაზარი შრომა ჩადო, მეორე მხრივ კი ვილი სანიოლის გუნდმა სულ მცირე ქულა მაინც დაიმსახურა. პირველი ტაიმის შემდეგ თქვენ ნამდვილად არ იტყოდით, რომ ამ შეხვედრას ესპანეთი მოიგებდა. გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ძალიან პასიურად თამაშობდა.

მართალია, სტუმრებს იმავე პირველ ნახევარში ბურთი 75%-ით ეჭირათ, მაგრამ ფერან ტორესის დარტყმის გარდა, ვერაფერი შექმნეს. საქართველომ კი ბოლო წუთებზე ბრწყინვალე კონტრშეტევა განავითარა, ხვიჩა კვარაცხელიამ პედრო პორო დაცვაში სივრცის დატოვებისთვის დასაჯა და შესანიშნავი დაბალი დარტყმით გაიტანა. ეს იყო ეფექტური შეტევის გაკვეთილი, რომელზეც ამ საღამოს ესპანეთს უნდა ესწავლა. მთელი მატჩის განმავლობაში ნათლად ჩანდა, რომ ქართველები მოსაგებად თამაშობდნენ და რისკს არ ერიდებოდნენ.

ბოლო წუთებზე ისე ჩანდა, თითქოს ქართველები სრულიად დამსახურებულ ქულას აიღებდნენ, მაგრამ დანი ოლმომ შორიდან კარში უცებ დაარტყა და ლუის ენრიკეს გაწვრთნილ გუნდს ქულების დაკარგვის სერიოზული პრობლემები აარიდა. ესპანელები კავკასიიდან დაღლილები და დაჟეჟილები, მაგრამ 3 ქულით ბრუნდებიან“, - აღნიშნავს ამერიკული გამოცემა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის ორ მატჩში - შვედეთთან და ესპანეთთან ქულა ვერ აიღო, თუმცა თამაშის ხარისხი და გუნდურობა ოპტიმისტურად განგვაწყობს. ვილი სანიოლის გუნდი 31 მარტს, საბერძნეთის ნაკრებს სალონიკში შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები