გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

სამართლიანი გადაწყვეტილება: მიქაუტაძის წითელი ბარათი გაუქმდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით გიორგი მიქაუტაძეს „რენისთან'' მიღებული წითელი ბარათი გაუუქმდა, წითელის ნაცვლად ყვითელი ბარათი დაფიქსირდა, ქართველი ფორვარდი შემდეგ ტურში „სტრასბურგის'' წინააღმდეგ ითამაშებს.

„რენის“ წინააღმდეგ, სადაც „მეცი“ 2:3 დამარცხდა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, შეხვედრის მიწურულს მეტოქესთან შეჯახების გამო წითელი ბარათი მიიღო. მატჩის მთავარმა მსაჯმა რუდი ბუქეტმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა, სადაც გამოჩნდა, რომ ფეხბურთელი ყვითელ ბარათსაც არ იმსახურებდა, თუმცა არბიტრმა გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა, ბუქეტის გადაწყვეტილებას ევროპულ მედიაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

18-გუნდიან ლიგა 1-ში „მეცი'' 29 ქულით მე-16 ადგილზეა, მე-15 პოზიციაზე მყოფ „ლე ავრს'' 3 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე 2 ტური რჩება, „მეცი'' ჯერ „სტრასბურგს'' ესტუმრება (12 მაისი), ბოლო ტურში პსჟ-ს მიიღებს (19 მაისი). თუ „მეცი’’ ამ პოზიციაზე დარჩება, გადათამაშების გზით ლიგა 1-ში დარჩენის შანსს მიიღებს, ხოლო თუ მე-17 ან მე-18 ადგილზე გავა, შემდეგ სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს.

ქართველ ლეგიონერებს შორის ტოპ 5 ლიგაში ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით გიორგი მიქაუტაძემ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, 12 გოლი შეაგდო და კვარაცხელიას სტატისტიკა გაიმეორა, ხვიჩა სერია A-ს გასულ სეზონში, როცა „ნაპოლიმ'' სკუდეტო მოიგო, 34 შეხვედრაში 12 გოლით დაეხმარა გუნდს.

23 წლის მიქაუტაძემ ამ სეზონის ლიგა 1-ის 18 მატჩში 12 გოლი (3 პენალტი) გაიტანა, გია გურულსა და ალექსანდრე იაშვილს გაასწრო, კვარაცხელიას გაუთანაბრდა. 1992-93 წლების სეზონში გურულმა „ლე ავრისთვის’’ ლიგა 1-ის 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა, იაშვილმა იდენტური სტატისტიკა 2003-04 წლების სეზონში ბუნდესლიგურ „ფრაიბურგში’’ დააფიქსირა (30 მატჩი, 9 გოლი, პენალტი არ გაუტანია). 

საფრანგეთის ლიგა 1-ში გატანილი გოლებით მიქაუტაძე გია გურულს გაუთანაბრდა, გურულმა 1992-94 წლებში „ლე ავრიში’’ თამაშისას 48 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები