3 ლამაზი ლელო - კაცნაკლულმა ბორჯღალოსნებმა რუმინეთი დაამარცხეს!
Aa
Aa

3 ლამაზი ლელო - კაცნაკლულმა ბორჯღალოსნებმა რუმინეთი დაამარცხეს!

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და 28:17 დაამარცხა, რის შემდეგაც ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლა!

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული, უხეში და საინტერესო საცქერი გამოდგა.

მე-9 წუთზე ლევან მაისაშვილის ბიჭების ხანგრძლივ შეტევებსა და შერკინებებს სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. ჯალაღონია აქტიურობდა, თუმცა არბიტრმა საჯარიმო ლელო ჩათვალა.

რუმინელებმა შერკინება რამდენიმეჯერ ჩააგდეს და დაჯარიმდნენ, საბოლოოდ მსაჯმა მათ აღარ აპატია - 7-0

სტუმრებმა ჩვენ ზეწოლას ვერ გაუძლეს და მომდევნო წუთებიც „ბორჯღალოსნების“ კარნახით წარიმართა, რასაც მალე მორიგი ჯარიმა და აბჟანდაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა - 10:0

მე-20 წუთზე რუმინელების ერთ-ერთი იერიშისას შალვა მამუკაშვილმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და უბურთო მოთამაშეზე ბოჭვისას მოქნეული ხელი ყბისა და კისრის არეში მოარტყა და მსაჯმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა ლელო მალევე მიიღო, რის შემდეგაც მცირე შოკში იყვნენ, რომლიდანაც გამოსვლას ცოტა დრო სჭირდება ხოლმე.

შემდეგ იყო მცირე ჩხუბი 5 ნომრებს შორის, რომელიც არბიტრმა მალევე განმუხტა.

37-ე წუთზე რუმინელებმა პროფესიული ფოლით შეგვაჩერეს, რასაც ჯარიმა მოჰყვა, რომელიც აბჟანდაძემ არაზუსტად შეასრულა.

ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი ჩხუბი ვიხილეთ, საბოლოოდ მსაჯმა რუმინელები დაინდო და მათ ყვითელი არ უჩვენა. „ბორჯღალოსნებმა“ კი ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღეს, რომელიც აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა და შესვენებაზე 13:7 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმის სტარტზე რუმინელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და კარში დარტყმა გადაწყვიტეს. ანგარიში 13:10 გახდა და შეხვედრა კიდევ უფრო დაიძაბა.

რთული 10-წუთიანი მონაკვეთის შემდეგ 50-ე წუთზე საქართვლოს ნაკრებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა შეძლო და ძალიან ლამაზი შეტევაც წამოიწყო, რომელიც მერაბ შარიქაძემ მარჯვენა ფრთაზე გაშალა, რასაც საღინაძის ძალიან მაგარი თამაში და გიგაშვილის ლელო მოჰყვა.

ამ შეტევას უბრალოდ უნდა უყურო და დატკბე...

რუმინელებმა თავისი ლელოს დადება საბოლოოდ მაინც შეძლეს და რიცხობრივი უპირატესობაც გამოიყენეს.

69-ე წუთზე გელა აფრასიძემ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და თავისი მახვილგონივრული ქმედებით რუმინელები დააბნია. ფლანგზე ტაბუცაძეს გააყოლა და კიდევ ერთი ლამაზი ლელო!

შეხვედრას წერტილი ბაბუნაშვილის ლამაზი არეკნით დაესვა - 28:17.

მე-20 წუთიდან მოყოლებული კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და ტრიბუნებზე დაბრუნებულმა მაყურებელმა დიდებული სანახაობა იხილა.

ფოტომასალა - Goergian Rugby

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები