გლადბახის 23-წლამდე გუნდის თავკაცს სასჯელის სახით ქალთა გუნდის გაწვრთნა შეუფარდეს
Aa
Aa

გლადბახის 23-წლამდე გუნდის თავკაცს სასჯელის სახით ქალთა გუნდის გაწვრთნა შეუფარდეს

დასავლეთ გერმანიის საფეხბურთო ასოციაცია, რომელიც გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის ერთ-ერთი განშტოება გახლავთ, სკანდალში გაეხვია. საუბარი „გლადბახის“ 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰაიკო ფოგელის საქმეზე გამოტანილ ვერდიქტს ეხება.

იანვარში გამართული ერთ-ერთი მატჩისას, ფოგელმა შეხვედრის მთავარი არბიტრის, მარსელ ბენხოფისა და მისი ასისტენტების, ვანესა არლტისა და ნადინ ვესტერჰოფის მისამართით არასპორტული ქმედება განახორციელა. ESPN-ის ინფორმაციით, გამოძიების შემდეგ, 44 წლის სპეციალისტი 1500 ევროთი დააჯარიმეს და სასჯელის სახით ქალთა ან გოგონათა გუნდის გაწვრთნა შეუფარდეს.

ფოგელმა ქალთა ან გოგონათა გუნდში 6 სავარჯიშო პროცესი უნდა ჩაატაროს და „სასჯელის მოსახდელად“ დრო 30 ივნისამდე აქვს. სოციალურ ქსელებში ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დასავლეთ გერმანიის საფეხბურთო ასოციაცია უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა.

ESPN Frauen im Fussball-ის წარმომადგენლის, ნიკოლ სელმერის სიტყვებს ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია: „ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სულერთია, ქალები ან გოგონები რა დონეზე ასპარეზობენ, მათ ისე სერიოზულად არ აღიქვამენ, როგორც კაცებსა და ბიჭებს. გლადბახის 23-წლამდე გუნდის თავკაცისთვის გამოტანილ სასჯელს გოგონათა გუნდის გაწვრთნა სოციალური სამუშაოს დონეზე დაჰყავს, რაც რეალობისგან ძალიან შორსაა. ქალთა ფეხბურთი სპორტია და ის ადამიანები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ, ისეთივე პროფესიონალები არიან, როგორც მამაკაცი ფეხბურთელები. ეს გადაწყვეტილება საბედისწერო მესიჯს აგზავნის და ამბობს, რომ ქალთა ან გოგონათა გუნდის გაწვრთნა არასპორტული ქმედების გამო მიღებული სასჯელის ნაწილი შეიძლება იყოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები