ბიჭი, რომელიც რუსეთში ფურორს ახდენს - Voetbalzone-ის მაგარი სტატია ხვიჩაზე
Aa
Aa

ბიჭი, რომელიც რუსეთში ფურორს ახდენს - Voetbalzone-ის მაგარი სტატია ხვიჩაზე

ნიდერლანდურმა ვებგვერდმა, voetbalzone.nl-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი და საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი შემტევი შეაქო და ახალი საფეხბურთო თაობის ერთ-ერთი ვარსკვლავი უწოდა.

„ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი, ნეიმარი, მოჰამედ სალაჰი და სხვები წლებია დომინირებენ, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როცა მათ გვირგვინის გადაცემა ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის მოუწევთ. ჩვენი ვებგვერდის ამ სექტორში სწორედ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების მემკვიდრეებსა და იმ მოთამაშეებზე ვსაუბრობთ, რომლებითაც გრანდები ინტერესდებიან. დღეს, ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიაზე გავამახვილებთ - ბიჭზე, რომელიც რუსეთში ფურორს ახდენს და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ტოპ კლუბში ვიხილოთ.

რუსეთის პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ, ქუინსი პრომესი ჩვეულ სტილში ათამაშდა. ნიდერლანდელი სპარტაკში გადაბარგდა და მოსკოველთა მაისურით ჩატარებულ საწყის 3 შეხვედრაში ასისტი და გოლი მიითვალა. პრომესის გუნდი მეორე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონობისთვის ზენიტს ებრძვის, თუმცა ქუინსის დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს, რათა მისმა გუნდმა დარჩენილ 8 ტურში 4-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრას. თანაც მესამე პოზიციას ცსკა იკავებს, რომელსაც სპარტაკი 1 ქულით უსწრებს.

ნიდერლანდელის გუნდი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, რუბინის წინააღმდეგ გამართული მატჩი რომ მოეგო, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს ვერაფერი დაუპირისპირა. 20 წლის ასაკში, ახალგაზრდა ქართველი რუსეთის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება და პრომესს სერიოზული კონკურენტის დამარცხება მოუწევს, თუ წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს დასასაკუთრებლად კიდევ ერთხელ იბრძოლებს.

კვარაცხელია, რომელსაც რუსულ პრესაში ხშირად მხოლოდ მისი სახელით, ხვიჩათი მოიხსენიებენ, რუბინის წამყვანი ფეხბურთელია და თანაგუნდელებს შთააგონებს, უმაღლესი ადგილებისთვის იბრძოლონ. ზამთრის პაუზის შემდეგ, რუბინმა სამივე მატჩი მოიგო და უფა, ზენიტი და სპარტაკი დაამარცხა.

ყაზანელთა თავკაცის, ლეონიდ სლუცკის 4-1-4-1-მა სისტემამ რუბინის ყველა მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ვიტესის ექს-თავკაცმა ძლიერი გუნდი შეკრა და რაც მთავარია, ხვიჩას თვალდახუჭული ენდობა. ყაზანელთა მარცხენა გარემარბი საშუალოდ მატჩში უშუალო მეურვეს თითქმის 5-ჯერ სცდება, რაც ნაწილობრივ იმის დამსახურებაა, რომ ორივე ფეხით კარგად თამაშობს. ხვიჩა ცაცია არაა, მაგრამ ინტენსიური ვარჯიშების წყალობით ფლანგზე გაჭრა და მარცხენა ფეხით ზუსტი გადაცემების გაკეთება შეუძლია. მიმდინარე სეზონში იგი მარცხენა ფეხით ხშირად აწვდის, თანაგუნდელებს ატანინებს და თავად მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.

კვარაცხელიას პროგრესი საზღვარგარეთ შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მისით მილანი და იუვენტუსი ინტერესდებიან, თუმცა რუსულ პრესას თუ დავეყრდნობით, მთავარი ფავორიტი დორტმუნდია. შავ-ყვითლებს მიზნის მისაღწევად დიდი თანხის გადახდა მოუწევთ, რადგან რუბინმა გასულ ზაფხულს, 15 მილიონ ევროზე თქვა უარი. ყაზანელებს ეს თანხა ხვიჩას ყოფილმა კლუბმა, ლოკომოტივმა შესთავაზა და მოსკოველთა გარდა, კვარაცხელიას გადაბირება კრასნოდარმაც სცადა, რომელმაც 10 მილიონი ევროს გაღებაზე განაცხადა თანხმობა. ქართველ ფეხბურთელს რუბინთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და ყაზანელები მის გაყიდვას არ ჩქარობენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მიმდინარე სეზონის შემდეგ, მისი შენარჩუნება მოახერხონ.

ხვიჩა თბილისის დინამოს აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. სადებიუტო სეზონის შემდეგ, მან სათამაშო დროზე გააკეთა აქცენტი და კარიერა რუსთავში განაგრძო, სადაც მონაწილეობა 6 შეხვედრაში მიიღო. მიუხედავად ამისა, 2018 წელს, Guardian-მა იგი მსოფლიოს 60 ყველაზე პერსპექტიულ ტალანტს შორის დაასახელა და განაცხადა, რომ საქართველოს მისნაირი ნიჭიერი ფეხბურთელი დიდი ხანია არ ჰყოლია. „ხვიჩა ტექნიკური, ძლიერი და სწრაფი მოთამაშეა. იგი ორივე ფეხს შესანიშნავად იყენებს და მისი ქმედებები არაპროგნოზირებადია. თუ ვინმესთან მის შედარებას გადავწყვეტთ, აქცენტი ლეროი სანესა და იულიან დრაქსლერზე უნდა გავაკეთოთ“ , - წერს Guardian.

ხვიჩა იჯარის წესით ლოკომოტივმა გადაიბირა და მოსკოველთა თავკაცი, იური სიომინი დარწმუნებული იყო, რომ მისი გუნდი ტრანსფერსაც გაჩარხავდა, მაგრამ რკინიგზელებს რუბინმა აჯობა. „ჩვენთვის კვარაცხელიას დაკარგვა დიდი დარტყმა იყო და ბოლომდე მჯეროდა, რომ მისი გაფორმება შეგვეძლო. ხვიჩას ლოკომოტივში ყოფნისას, მის განსავითარებლად მაქსიმუმი გავაკეთეთ და ის სუპერ ნიჭიერი ბიჭია. ავტირდი, როცა გავიგე, რომ მან ზურგი შეგვაქცია“, - განაცხადა, Championat-თან საუბრისას 72 წლის სპეციალისტმა.

ლოკომოტივის ტკივილი გაძლიერდა, როცა ხვიჩამ რუბინის მაისურით ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში ყოფილ გუნდს გაუტანა. სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა კვარაცხელიამ ლოკომოტივს ხელიდან გამარჯვება გამოაცალა. ხვიჩას ხშირად ქართველ მესის უწოდებენ, მაგრამ ამ შედარების დასამსახურებლად მან უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს. დღევანდელი მონაცემებით, მას საკლუბო დონეზე 10 ბურთი აქვს შეგდებული და ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიის კარიც აიღო, რაც ბევრი ნამდვილად არაა, თუმცა 2021 წელს, მის მიერ ნაჩვენები თამაში ადასტურებს, რომ მან ზამთრის პაუზისას დამაგვირგვინებელ ფაზაზე ბევრი იმუშავა. რუსეთის პრემიერ ლიგის განახლების შემდეგ, გამართულ 3 შეხვედრაში, კვარაცხელიამ 2 ასისტი და 1 გოლი მიითვალა, რისი წყალობითაც FootballCritic-ის ექსპერტებისგან უკეთესი რეიტინგი დაიმსახურა. ეს საიტი ფეხბურთელებს მათ მიერ ჩატარებული ბოლო 1800 წუთის მიხედვით აფასებს და ადგენს, ესა თუ ის მოთამაშე რამდენად სტაბილურია. რეიტინგი 0-დან 100-მდე მერყეობს და ხვიჩას 78 ქულა მიანიჭეს, რაც ახალგაზრდა მოთამაშისთვის შესანიშნავი შედეგია. წარმოიდგინეთ, ეს ნიშნავს, რომ იგი ისკოსა და ლეროი სანეს დონეზე ასპარეზობს.

ხვიჩას საინტერესო ფეხბურთელად ის აქცევს, რომ მისი თამაში რაღაც ნიშნულს დაბლა არასდროს ჩამოდის. გარემარბებს ექსცენტრულობა ახასიათებთ, მაგრამ კვარაცხელია გამონაკლისია. ამას დაუმატეთ ის, რომ ქართველ ახალგაზრდას შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, რადგან ორივე ფეხს ჩინებულად იყენებს და მიხვდებით, მას 16 წლის ასაკში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად რატომ მოიხსენიებდნენ“, - წერს voetbalzone.nl.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ორგანიზაცია CIES Football Observatory-იმ მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა და 2001 წელს დაბადებულ მოთამაშეთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი 25-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები