„ბედნიერი ვარ
Aa
Aa

„ბედნიერი ვარ" - მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა

„მეცის“ ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც ბელგიურ „სერენშია“ განათხოვრებული, ვებგვერდ dhnet.be-ს ინტერვიუ მისცა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა.

dhnet.be – „გიორგი, წარმოგვიდგენია, როგორი გახარებული ხარ ამ სიახლით“.

„რაღაც დროის განმავლობაში ვიმედოვნებდი, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახებდნენ და ვილი სანიოლთან სატელეფონო საუბარიც მქონდა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობის ოფიციალურად დასახელებას მოუთმენლად ველოდი და რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამომიძახეს. ბევრს ვმუშაობდი და მოედანზე უამრავი რამის დამტკიცება მომიწია, რათა ეს ჯილდო მიმეღო“.

dhnet.be – „შენი მშობლები წარმოშობით საქართველოდან არიან და ალბათ, მომხდარი შენზე ნაკლებად არ გახარებიათ ხომ“?

„ახლახან მათთან სატელეფონო საუბარი მქონდა და ისინი ძალიან ამაყობენ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რომ გამომიძახეს. ამასთან, საქართველოში დიდი ხანია არ ვყოფილვარ და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრა ჩემი ოჯახის წევრების ნახვაში დამეხმარება“.

dhnet.be – „სეზონი ბოლო ძალიან გადატვირთულია“...

„ფიზიკური კონდიციების მხრივ გადატვირთულ კალენდარს უარყოფითი შედეგები არ ექნება, რადგან ფეხბურთს მოწყურებული ვარ და ვიცი, დასვენება როდისაა საჭირო. საქართველოს ეროვნული ნაკრების პერსონალს მშვენივრად მოეხსენება ფეხბურთელებთან მიმართებით როგორ იხელმძღვანელოს და წინ შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან გასამართი მატჩები გველის, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ სერენზე ვარ ორიენტირებული. ნაკრებში გამოძახება დიდი პლუსია, მაგრამ კლუბთან ერთად მიზნების მიღწევაც მსურს“.

dhnet.be – „საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი შესაძლოა, შვედეთის წინააღმდეგ გამართო, რომლის რიგებშიც ზლატანი ბრუნდება“...

„ასეთ ფეხბურთელთან გზის გადაკვეთა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა“.

მიქაუტაძის კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც გაავრცელა: ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მიხარია, რომ მექნება ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა. ჩვენ გულშემატკივრებს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა და ვასახელებთ საქართველოს - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები