დასანანი მარცხი 3 სეტში - ბასილაშვილმა ფრიცთან წააგო
Aa
Aa

დასანანი მარცხი 3 სეტში - ბასილაშვილმა ფრიცთან წააგო

დოჰას 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირის მოგების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაიში გადაინაცვლა და Dubai Duty Free Tennis Championships-ზე პირველი შეხვედრა ტეილორ ფრიცის წინააღმდეგ გამართა.

ქართველმა ჩოგბურთელმა წარმატებული სვლა ვერ განაგრძო და 3 სეტში დამარცხდა. პირველ პარტიაში ნიკოლოზმა 1 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი ჩაწოდება არ დაუთმია და 6:4 იმარჯვა. მეორე სეტი მსგავსი სცენარით განვითარდა, ოღონდ, ბრეიკი ფრიცმა შეასრულა და საკუთარ ჩაწოდებაზე ბასილაშვილისთვის შანსი არ მიუცია - 6:3.

მესამე სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ბრეიკ პოინტი არც ერთ ჩოგბურთელს შეუსრულებია და გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი დაინიშნა. ტაიბრეიკი უკეთ ფრიცმა ჩაატარა და საბოლოოდ 4:6, 6:3, 7:6 (7:4) იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მატჩის მიმდინარეობისას 8 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ფრიცის ანგარიშზე კი 26 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა იყო.

ცნობისთვის, ნიკოლოზი ფრიცს კარიერაში მესამედ დაუპირისპირდა და მეორედ დამარცხდა. როგორც მოგეხსენებათ, ბასილაშვილმა ამერიკელი ჩოგბურთელი რამდენიმე დღის წინ, დოჰას ტურნირზე დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები