„ეს დამშვიდობება არაა" - დრიუ ბრიზმა კარიერა დაასრულა
NFL-ის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ქუორთერბექმა, დრიუ ბრიზმა კარიერა დაასრულა. „ნიუ ორლეან სეინთსის“ აწ უკვე ყოფილმა მოთამაშემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.
„NFL-ში გატარებული 20 წლისა და სეინთსის რიგებში გატარებული 15 წლის შემდეგ, დროა, ფეხბურთიდან წავიდე. ყოველ დღეს სულსა და გულს ვდებდი, რომ თქვენი ქუორთერბექი ვყოფილიყავი. ბოლომდე ასე გრძელდებოდა და ამ ორგანიზაციისთვის, გუნდისთვის და ქალაქ ნიუ ორლეანისთვის ყველაფრის მიცემით ძალაგამოცლილი ვარ.
ერთად ბევრი საოცარი მომენტი გამოვიარეთ, რომლებიც ჩვენს გულებსა და გონებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ და ისინი სამუდამოდ ჩვენი ნაწილი იქნებიან. თქვენ გამოწრთობაში დამეხმარეთ, გამაძლიერეთ, შთამაგონეთ და მაჩუქეთ მოგონებები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩემი მიზანი იყო მომეცა თქვენთვის ის, რაც თქვენგან მივიღე და უფრო მეტიც. თავს მხოლოდ ფეხბურთს ვანებებ და ნიუ ორლეანს არ ვტოვებ. ეს დამშვიდობება არაა, ეს რაღაც ახლის დასაწყისია“.
42 წლის ბრიზი NFL-ის ისტორიაში 80358 იარდით საუკეთესო მეპასეა და მის გადაცემებს 571 თაჩდაუნი მოჰყვა. 2010 წელს, იგი სუპერ ბოულის გამარჯვებული გახდა და 2008 და 2011 წლებში NFL-ის საუკეთესო შემტევად დაასახელეს.