კლოპი: ''ვან დეიკი და ჯო გომესი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებენ''
Aa
Aa

კლოპი: ''ვან დეიკი და ჯო გომესი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებენ''

''ლივერპულის'' მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის განცხადებით ვირჯილ ვან დეიკი და ჯო გომესი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებენ. ამ თემაზე გერმანელმა სპეციალისტმა ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა.

როგორც კლოპმა აღნიშნა, ვირჯილ ვან დეიკმა სირბილი დაიწყო, თუმცა ფეხი კვლავ აწუხებს. მან ტრავმა გასული წლის ოქტომბერში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

ვან დეიკის ტრავმამ მნიშვნელოვნად განაპირობა ''მერსისაიდული'' კლუბის რეგრესი მიმდინარე სეზონში. პრემიერ ლიგის მოქმედი გამარჯვებული ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-8 პოზიციას იკავებს.

''იმედი გვაქვს, რომ შემდეგი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე ორივე მათგანი ჩვენთან ერთად იქნება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ისინი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებენ'' - აღნიშნა კლოპმა.

ინფორმაცია განსაკუთრებით სამწუხარო ჰოლანდიის ნაკრების ქომაგებისთვის იქნება, რადგან ვან დეიკი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანია, ხოლო ჯო გომესი ინგლისის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, 2017 წლიდან მოყოლებული 23 წლის მცველმა ეროვნულ გუნდში 11 მატჩი ჩაატარა.

ევროპის ჩემპიონატი 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და მიმდინარე წლის 11 ივნისს დაიწყება. ფინალური შეხვედრა 11 ივლისს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები