უხვგოლიანი და დრამატული სუპერთასი - დინამომ სეზონი ტიტულით დაიწყო
Aa
Aa

უხვგოლიანი და დრამატული სუპერთასი - დინამომ სეზონი ტიტულით დაიწყო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ჩემპიონი თბილისის ''დინამო'' სუპერთასზე დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედ გამარჯვებულს, ''გაგრას'' დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი ''გაგრამ'' 1:0 მოიგო, შესვენების შემდეგ ''დინამომ'' ორი გოლი შეაგდო და ვითარება შეცვალა, თუმცა ლუკა ნოზაძის გოლით ''გაგრამ'' წონასწორობა აღადგინა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში ''დინამომ'' 5:4 გაიმარჯვა და 2021 წლის სეზონი ტიტულით დაიწყო. გიორგი ნემსაძის დებიუტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული გამოვიდა.

ანგარიში მე-12 წუთზე ''გაგრას'' შემტევმა გიორგი ქობულაძემ გახსნა, მან ''დინამოს'' მცველებს აჯობა და სტანდარტულისას თავური დარტყმით თანაგუნდელები დააწინაურა. 

''დინამომ'' ანგარიში 47-ე წუთზე გაათანაბრა. გიორგი ნემსაძის გუნდის მწვავე შეტევა ზორან მარუშიჩის გოლით დასრულდა, საგოლე გადაცემა დავით კობოურმა შეასრულა. 27 წლის სერბმა თავდამსხმელმა თბილისური გუნდისთვის სადებიუტო მატჩში გაიტანა. მოგეხსენებათ, მარუშიჩი ნემსაძის გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა და თავი გოლებით თურქულ შეკრებაზეც გამოიჩინა.

67-ე წუთზე ''დინამო'' დაწინაურდა, კუციამ გაბედავა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თბილისის ''დინამოს'' ფორვარდმა შანსი გამოიყენა და გოლი სეზონის პირველივე ოფიციალურ მატჩში შეაგდო. მან ყოფილ გუნდთან გატანილი გოლი არ აღნიშნა.

შეგახსენებთ, 31 წლის გაბადავა 2008-13 წლებში ''გაგრას'' ფეხბურთელი იყო.

78-ე წუთზე გაგა კირკიტაძის გუნდმა წონასწორობა აღადგინა, სტანდარტული ვითარებისას 24 წლის ლუკა ნოზაძემ ახლო მანძილიდან გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო.

პენალტების სერიაში თბილისის ''დინამომ'' 5:4 გაიმარჯვა. გუნდებმა 5-5 დარტყმა შეასრულეს, მხოლოდ ''გაგრას'' ნახევარმცველმა მარკოზაშვილმა ვერ გამოიყენა პენალტი, მას როინ კვასხვაძემ აუღო.

თბილისის ''დინამოდან'' პენალტების სერიაში თავი სპორსკლეიდიმ, კუციამ, მონხილმა, კვასხვაძემ და გაბედავამ გამოიჩინეს. ნემსაძის გუნდმა ყველა დარტყმა გამოიყენა.

''გაგრას'' მხრიდან პენალტები ხოსიტაშვილმა, კაკიაშვილმა, ჩადუნელმა და მაქაცარიამ შეაგდეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პენალტი გიორგი გაბედავამ დაარტყა, შეაგდო და ''დინამოს'' გამარჯვება გაუნაღდა, თუმცა ისევე როგორც თამაშის მიმდინარეობისას, ემოციები არც ამჯერად გამოხატა.

თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები