Aa
Aa

"უაზრო შეცდომები დავუშვით" - რა თქვა კლოპმა იუნაიტედთან მატჩის შემდეგ

FA Cup-ზე ერთმანეთს ორი მოსისხლე მტერი დაუპირისპირდა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ "მერსისაიდელთა" თავკაცმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა: "ეს ის არ იყო, რაც გვინდოდა. ასეთ შეხვედრაში თუ მოგება გვსურდა, საუკეთესოდ უნდა გვეთამაშა. დღეს საუკეთესო ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, თუმცა მატჩის განმავლობაში ბევრი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. დასაწყისი კარგი იყო, მაგრამ ამის შემდეგ უაზრო შეცდომები დავუშვით.

"იუნაიტედის" პირველი გოლის დროს თავის დაცვის ბევრი ვარიანტი გვქონდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. შეტევაში ვიყავით, ბურთი დავკარგეთ და კონტრ-შეტევა მივიღეთ. ეს არ იყო ერთადერთი კონტრ-შეტევა, რომელიც მივიღეთ. ასე რომ, სამომავლოდ ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ.

ყველამ დაინახეთ, რომ ჩემს ბიჭებს გამარჯვება უნდოდათ და ეს კარგია. ჩვენ ორჯერ გავიტანეთ და ესეც კარგია. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა მატჩის ბოლოს მოწინააღმდეგემ მესამე გოლი გაიტანა. წაგების მიუხედავად პოზიტიური მომენტებიც იყო. ბიჭებმა ბევრ მომენტში სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს.

დღევანდელი დაპირისპირება კარგი მომოზადება იყო "ტოტენჰემთან" მატჩისთვის, რადგან მოურინიოს ბიჭებიც ხშირად კონტრ-შეტევებზე თამაშობენ. კარგად ვიცით გასაუმჯობესებლად რაც გვჭირდება. 

ძალიან გვინდა იმ სიტუაციიდან გამოსვლა, რომელშიც ახლა ვართ. ვფიქრობ, დღევანდელი მატჩი ამის დასაწყისია. წავაგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი გაუმჯობესებულია." - განაცხადა კლოპმა

დღევანდელ დაპირისპირებაში ანგარიში მე-18 წუთზე სალაჰმა გახსნა, რასაც 8 წუთში გრინვუდმა უპასუხა. რაშფორდმა მეორე ტაიმის დასაწყისში "წითელი ეშმაკები" წინ გაიყვანა, თუმცა შეხვედრის 58-ე წუთზე სალაჰმა დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების მომტანი გოლი კი ბრუნო ფერნანდეშმა ჯარიმიდან გაიტანა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები