„მთავარი ამომავალი ვარსკვლავია
Aa
Aa

„მთავარი ამომავალი ვარსკვლავია" - კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

რუსულმა ვებგვერდმა, mk.ru-მ რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი შეაფასა და სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ 11 რჩეულს შორის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

„უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით პრემიერ ლიგის მთავარ ამომავალ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას. რუბინის ფეხბურთელმა თავისი აზარტისა და დრიბლინგის წყალობით ყაზანელთა მაისურით ჩატარებულ რამდენიმე მატჩში თავისი სატრანსფერო ღირებულება გააათმაგა“.

აღსანიშნავია, რომ mk.ru-მ ექსპერტის რანგში ცნობილი რუსი სპეციალისტი, ვალერი გაზაევი მიიწვია და სიმბოლური ნაკრების შედგენა მასაც სთხოვა. გაზაევის რჩეულთა შორის ხვიჩა კვარაცხელიას ადგილი არ იყო და ცსკა-ს ყოფილმა თავკაცმა აქცენტი ცსკა-ს, „ზენიტისა“ და „სპარტაკის“ ფეხბურთელებზე გააკეთა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, გაზაევმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და განაცხადა: „სამწუხაროდ, 2020 წლიდან რომელიმე რუსი ფეხბურთელის გამორჩევა რთულია. ისე არავის უთამაშია, როგორც ახალგაზრდულ ასაკში არშავინი, კერჟაკოვი, კოკორინი, ჟირკოვი, ძაგოევი, მამაევი ან ძმები ბერეზუცკები ასპარეზობდნენ. ახალი თაობის რომელ რუს ფეხბურთელს შეუძლია ძალიან მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება, როგორც ეს გამოსდის ხვიჩა კვარაცხელიას? ვერ ვხედავ ისეთ რუს ახალგაზრდა მოთამაშეს, რომელზეც ვიტყვი, რომ ის რუსული ფეხბურთის ნათელი მომავალია. ეს სამწუხაროა''.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები