Aa
Aa

"ეს შოკი იყო" - ფლიკი ჰოლშტეინთან წაგების შემდეგ

გერმანიის თასზე მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგა 2-ის გუნდს "ჰოლშტეინ კილს" დაუპირისპირდა. "რეკორდმაისტერმა" პენალტების სერიაში 5:6 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. მატჩის შემდეგ ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა.

"ეს სრული შოკი იყო. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ტრიპლეტის დაცვა გვინდოდა და ახლა ეს აღარ გამოგვივა. გუნდმა შესანიშნავი სულისკვეთება გამოავლინა, ვდომინირებდით და მატჩის სადავეები ჩვენს ხელში იყო. ეს ფეხბურთია და სამწუხაროდ ხანდახან ასეც ხდება. ბოლო წამზე გაშვებული გოლი, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია.

"კილს" უნდა მივულოცოთ. მათ იბრძოლეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს. მოწინააღმდეგემ თავი კარგად დაიცვა. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები და მეორე სართულზე ორთაბრძოლები დავხვეწოთ. "ჰოლშტეინის" მეკარემ საოცრად ითამაშა." - განაცხადა ფლიკმა

შეგახსენებთ, რომ "ჰოლშტეინ კილისა" და "ბაიერნის" მატჩში ანგარიში მე-14 წუთზე გნაბრიმ გახსნა. 37-ე წუთზე ბარტელსმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში მიუნხენელებიდან თავი ლეროი სანემ გამოიჩინა. 95-ე წუთზე კი ჰაუკ ვალმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ შეხვედრის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები