AS: ისკომ სევილია აირჩია, ესპანელს ლოპეტეგისთან სურს!
Aa
Aa

AS: ისკომ სევილია აირჩია, ესპანელს ლოპეტეგისთან სურს!

ესპანური სპორტული გამოცემა AS იუწყება, რომ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს ისკო ალარკონს "სევილიაში" გადაბარგება სურს. ამის მთავარი მიზეზი კი ანდალუსიელთა მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგია.

ინფორმაციაზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ 28 წლის ესპანელი "ბლანკოსს" 2021 წლის ზაფხულში დატოვებს, რადგან ზიდანი მისი ზამთარში გაშვების წინააღმდეგია. ყველას კარგად ახსოვს ისკოს ბრწყინვალე ასპარეზობა იმ ესპანეთის ნაკრებში, რომელსაც ლოპეტეგი წვრთნიდა. ალარკონმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრების წინააღმდეგ დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა.

ზოგადად, ისკოს აღმავლობა სწორედ ხულენთან მუშაობის პერიოდს უკავშირდება. როგორც ნაკრებში, ასევე მადრიდის "რეალშიც" და მისი გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის იქნება. ცნობისთვის, ესპანელი ნახევარმცველის მიმართ დიდ ინტერესს "მანჩესტერ სიტი" იჩენდა, თუმცა ისკომ "სამეფო კლუბში" დარჩენა ამჯობინა.

მიმდინარე სეზონში, 28 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა გაუარესდა, რადგან ზიდანი მას თითქმის არ ენდობა და ამაზე მისი თამაშების რაოდენობაც მეტყველებს. 11 მატჩი ყველა ტურნირზე ერთად და არცერთი გოლი. ცნობისთვის, ისკოს "ბლანკოსთან" მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება.

შეგახსენებთ, რომ ალარკონი მადრიდის "რეალს" 2013 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, ჩაატარა 318 მატჩი და 51 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები