„ტრავმირებული არაა, ტრავმირებული არაა, ტრავმირებული არაა
Aa
Aa

„ტრავმირებული არაა, ტრავმირებული არაა, ტრავმირებული არაა" - ჟოზე ლივერპულის საკადრო პრობლემებზე

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „ლივერპულთან“ გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა. „დეზების“ თავკაცმა „წითლების“ საკადრო პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მერსისაიდელები ამ მხრივ კრიზისში ნამდვილად არ იმყოფებიან.

„ალისონი ტრავმირებული არაა, ალექსანდრ-არნოლდი ტრავმირებული არაა, მატიპი ალბათ ითამაშებს, ფაბინიო ტრავმირებული არაა, რობერტსონი ტრავმირებული არაა, ჰენდერსონი ტრავმირებული არაა, ვეინალდუმი ტრავმირებული არაა, სალაჰი ტრავმირებული არაა, ფირმინო ტრავმირებული არაა, მანე ტრავმირებული არაა.

ვან დეიკი ტრავმირებულია და ვირჯილი ნამდვილად მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ მომეცით ლივერპულის ტრავმირებული ფეხბურთელების სია და შევადაროთ ის საუკეთესო შემადგენლობას, რომლის გამოყვანაც წითლებს შეუძლიათ.

ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მეც შემიძლია ტოტენჰემის 10 მოთამაშე დაგისახელოთ, რომლებიც ტრავმირებულნი არიან. 16-წლამდე გუნდში ტრავმა 2 ფეხბურთელს აქვს, 21-წლამდე გუნდშიც იგივე ვითარებაა, 23-წლამდე გუნდში 3 მოთამაშეა ტრავმირებული. ძირითადი გუნდიდან კი ლაზარეთში ლამელა და ტანგანგა იმყოფებიან. ესეც 10 ფეხბურთელი, მაგრამ ტრავმირებულია ლორისი? არა. ალდერვეირელდი? არა. დაიერი? არა. კეინი? არა. სონი? არა. ლუკასი? არა.

ტრავმები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ეს პრობლემა ყველა კლუბს აწუხებს. ლივერპულს ერთი დიდი დანაკლისი აქვს და ეს ვირჯილ ვან დეიკია“.

შეგახსენებთ, რომ „დეზები“, რომლებიც პირველ ადგილზე იმყოფებიან, კლოპის გუნდს „ენფილდზე“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები