„ალისა და ფორმენის ჩხუბის შემდეგ უდიდესი მოვლენა იქნება“ - ფიურიმ ჯოშუა გამოიწვია
Aa
Aa

„ალისა და ფორმენის ჩხუბის შემდეგ უდიდესი მოვლენა იქნება“ - ფიურიმ ჯოშუა გამოიწვია

WBC-ის საჩემპიონი ქამრის მფლობელმა, ტაისონ ფიურიმ ენტონი ჯოშუა გამოიწვია. „ბოშათა მეფემ“ თანამემამულეს, რომელმაც ახლახან კუბრატ პულევი დაამარცხა, გამბედაობის გამოჩენისკენ და კონტრაქტის გაფორმებისკენ მოუწოდა.

„პულევისა და ჯოშუას ბრძოლას ვუყურე და ენტონის გამოსვლამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ნოკაუტის შემდეგ ინტერვიუს ჯერი დადგა და ყველას უნდოდა მოესმინა, რომ ჯოშუა ჩემთან იჩხუბებდა, მაგრამ მან შეკითხვას თავი აარიდა.

სიმართლე გითხრათ, ამან იმედი გამიცრუა. წლებია ამ ბრძოლის შესახებ საუბარი და მზადება მიდის და მან შეკითხვა უპასუხოდ ისე დატოვა, თითქოს ჩემთან ჩხუბი არ სურს. ამიტომ, სოციალური ქსელების გამოყენებით ყველას გავაგებინე, რომ მასთან შერკინება მინდა.

ენტონი, გეყოს გამბედაობა და კონტრაქტს ხელი მოაწერე. ბოლო 5 წელია ჯოშუასთან ჯახისთვის მზად ვარ და ოპტიმიზმს არ ვკარგავ, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მომხდარა. ამ ბრძოლას ავტორიზაციას ყველა ორგანიზაცია მისცემს, რადგან ჩვენი შერკინება მძიმე წონით დივიზიონში ჯორჯ ფორმენისა და მუჰამედ ალის ჩხუბის შემდეგ უდიდესი იქნება“.

აღსანიშნავია, რომ WBO-ს საჩემპიონო ქამრისთვის ჯოშუას სავალდებულო მეტოქე ოლექსანდრ უსიკია, თუმცა ფიური თვლის, რომ საჭიროების შემთხვევაში „ეიჯეი“ ქამარს დათმობს.

„დიახ, ალექსანდრ უსიკი WBO-ს საჩემპიონო ქამრის სავალდებულო პრეტენდენტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობის უდიადესი ბრძოლის გამო ენტონი ჯოშუას გუნდი ამ ქამარზე უარს იტყვის და მას ვაკანტურს გახდის. მოდით, მივცეთ გულშემატკივრებს ის ბრძოლა, რომლის ხილვაც მათ ძალიან სურთ. პულევს რაც შეეხება, იგი თითქმის 40 წლისაა და 2014 წელს, კლიჩკოს წინააღმდეგ გამართული ბრძოლის შემდეგ მაღალი დონის მოწინააღმდეგე არ ჰყოლია“.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუას კარიერაში 25 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 24 გამარჯვება და 1 მარცხია. ფიური კი ჯერჯერობით დაუმარცხებელია და 31 ბრძოლიდან 30-ში იმარჯვა, ხოლო ერთხელ ფრეს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები