მარა გომესი - პირველი ტრანსგენდერი ქალი ფეხბურთელი, რომელმაც არგენტინაში ითამაშა
არგენტინის ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. მარა გომესი გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც არგენტინის ჩემპიონატში ფეხბურთი ითამაშა. ინფორმაციას გავლენიანი სპორტული გამოცემა ESPN ავრცელებს.
გომესი პირველი დივიზიონის კლუბ "ლანუსის" წევრია. 7 დეკემბერს "ლანუსმა" სტუმრად "ვილა სან კარლოსი" 7:1 დაამარცხა და სწორედ ამ მატჩში შედგა მარას დებიუტი.
მატჩის დასრულების შემდეგ 23 წლის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა: "ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარდა. როდესაც ტრანსგენდერი გავხდი ფეხბურთი ჩემთვის თერაპია იყო. ვერცერთ სიზმარში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთს უმაღლეს დივიზიონში ვითამაშებდი. მე ეს ოცნება ამიხდა.
მადლობელი ვარ ჩემი მწვრთნელის, გუნდელების და ყველა იმ ადამიანის, ვინც პატივი მცა და გუნდში თბილად მიმიღო. ვამაყობ, რომ ამ საზოგადოებას წარმოვადგენ და ამ საზოგადოების ნაწილი ვარ.
მე რთული გზა გამოვიარე. იყო დრო, როდესაც მთლიანად გატეხილი ვიყავი და სიკვდილზე ვფიქრობდი. დღეს ჩემი ცხოვრება ახლიდან დაიწყო და ჩემი სული სხეულს დაუბრუნდა.
დისკრიმინაციის მსხვერპლი ვიყავი. მე გამრიყეს და ფეხბურთი ზუსტად იმ დროს გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა." განაცხადა გომესმა
View this post on Instagram