Aa Aa
3 დეკემბერი 2020  |  16:48

''ნაკრებში დასასვენებლად ჩამოდიან, გადაიწვნენ, სახეზე ფერი არ ედოთ, ვაისი შეცდა''

იტალიური ''რომას'' ექს-ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ გადაცემაში ''ტაიმაუტი'' საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა. მისი აზრით ქართველი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად გადაიწვნენ, რაც მარცხის ერთ-ერთი მიზეზი იყო. ასევე, ვლადიმირ ვაისმა გოლის გაშვების შემდეგ დავითაშვილი თამაშში არ ჩართო. თეთრაძის აზრით კვარაცხელიას არყოფნაში დავითაშვილი თამაშსს გაამწვავებდა და მატჩის სურათი შეიცვლებოდა.

''ჩრდილოეთ მაკედონია ის გუნდი არაა, რომლის დამარცხება არ შეგვეძლო. მით უმეტეს, რომ საკუთარ კედლებში ვთამაშობდით. შესაძლოა დამარცხდე, მაგრამ ღირსეულად ითამაშო, თუმცა ქართველ ფეხბურთელებში ეს ვერ დავინახე. თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელებმა მოსკოვის ''დინამოს'' სძლიეს, იმ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს, ბოლომდე დაიხარჯნენ, ღირსეულად ითამაშეს, რაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში გვაკლდა.

ვფიქრობ ქართველი ფეხბურთელები მაკედონიასთან მატჩს კარგად მომზადებულნი შეხვდნენ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს ნაკრებში დასასვენებლად ჩამოდიან. კლუბებში მაქსიმალურად იხარჯებიან, რასაც ნაკრებში ვერ ვხედავ.

არ ვფიქრობ, რომ ქართველი ფეხბურთელები პროფესიონალები არ არიან, მაგრამ ბოლო თამაშიდან გამომდინარე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

პრესა და ფეხბურთში ჩართული ადამიანები ამბობდნენ, რომ მაკედონიასთან აუცილებლად უნდა მოგვეგო, რამაც ფეხბურთელთა ფსიქოლოგიური გადაწვა განაპირობა. მოთამაშეები საკუთარ თავს ვერ მოერივნენ.

ვლადიმირ ვაისს კარგად ვიცნობ, ის ძალიან კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი პიროვნებაა, თუმცა მარცხი მისმა შეცდომებმაც განაპირობა. კვარაცხელიას არყოფნაში, გოლის გაშვების შემდეგ დავითაშვილი უნდა შემოეყვანა. მას უნდა გაერისკა.''

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში, საკუთარ კედლებში მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მაკედონიელები გავიდნენ.

ფოტო: gff.ge, gettyimages

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები