Aa
Aa

„ბოლო 3 თამაშში გაცილებით მეტს ვიმსახურებდით" - სიმეონე ზალცბურგთან მატჩს ფინალს ადარებს

„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ „ბაიერნთან“ გამართულ მატჩზე ისაუბრა. „როხიბლანკოს“ თავკაცმა საკუთარი შეგირდების ასპარეზობა დადებითად შეაფასა და ბოლო ტურში, „ზალცბურგთან“ ჩანიშნულ შეხვედრასაც შეეხო.

„ატლეტიკო მაღალ დონეზე თამაშს განაგრძობს, თუმცა ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა კვლავინდებურად მტკივნეულ თემად რჩება. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში, რომლებიც ფრედ დავასრულეთ, გაცილებით მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ შეტევაში სიძლიერე დაგვაკლდა.

ბაიერნთან მატჩის პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ და ჩინებული გოლიც გავიტანეთ. მეტოქის კარის მეორედ აღებაც შეგვეძლო, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ბაიერნი კი ძლიერი გუნდია, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და დავისაჯეთ. გამომდინარე აქედან, მომდევნო ტურში ფინალის ტოლფასი შეხვედრა გველის. ზალცბურგთან მატჩი ურთულესი იქნება, რადგან ძალიან კარგ გუნდს ვხვდებით“.

ცნობისთვის, ბოლო ტურის წინ, „ატლეტიკოს“ 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. სიმეონეს ბიჭებს პლეიოფში გასასვლელად „ზალცბურგთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრაში ფრეც აწყობთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები