პრობლემა უცვლელია - ქეცბაიას გუნდს ოქრიაშვილი კვლავ ვერ დაეხმარება
Aa
Aa

პრობლემა უცვლელია - ქეცბაიას გუნდს ოქრიაშვილი კვლავ ვერ დაეხმარება

მიმდინარე თვეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული მატჩის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილს არ უთამაშია. ''ანორთოსისის'' შემტევს მუხლი კვლავ აწუხებს და კიდევ ორი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს სავარჯიშო პროცესში მონაწილეობის მიღებას.

''ანორთოსისის'' ლიდერმა სამედიცინო გამოკვლევა კიდევ ერთხელ ჩაიტარა, თუმცა ვითარება უცვლელია და მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს. CrystalSport-თან საუბარში ''კრასნოდარის'' ექს-შემტევმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ორ კვირაში მინდორს დაუბრუნდება.

თემურ ქეცბაიას გუნდში ოქრიაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატის 8 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ოქრიაშვილმა ლიმასოლის აელ-თან მატჩი გამოტოვა. ქეცბაიას გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში შემდეგ მატჩს საკუთარ კედლებში ''პარალიმნის'' წინააღმდეგ ჩაატარებს, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე იცავს.

შეგახსენებთ, ''ანორთოსისში'' ოქრიაშვილთან ერთად ქვილითაია, ლორია და დაუშვილი ასპარეზობენ. ამ ეტაპზე ჩემპიონატს ''აპოლონი'' და ''ანორთოსისი'' 23-23 ქულით ლიდერობენ, თუმცა ''აპოლონს'' ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები