გუარდიოლა სიტის ტოვებს? - ხელმძღვანელობა პეპის პასუხს ელოდება
Aa
Aa

გუარდიოლა სიტის ტოვებს? - ხელმძღვანელობა პეპის პასუხს ელოდება

ბოლო პერიოდის განმავლობაში პეპ გუარდიოლა აქტიურად უპირისპირდება პრემიერ ლიგას. ესპანელი სპეციალისტი ითხოვს, რომ 5 ცვლილების უფლება დაბრუნდეს, მაგრამ ამაოდ. პრემიერ ლიგის მესვეურებმა უეფა-ს ინიციატივა არაფრად ჩააგდეს და გუნდებს მხოლოდ 3 ცვლილების უფლება დართეს.

პეპის მტკიცებით ეს სისტემა ფეხბურთელების ტრავმიანობას უწყობს ხელს და ეს ფაქტებითაც დასტურდება. "ქალაქელებში" ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია. აქედან გამომდინარე კი ესპანელ სპეციალისტს სასურველი შედეგის მიღწევა უჭირს. მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტი" 7 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

სპორტული გამოცემა GOAL გვამცნობს, რომ პეპ გუარდიოლა ახალი ხელშეკრულების დადებას არ ჩქარობს. შეგახსენებთ, რომ ესპანელს მიმდინარე კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება.

49 წლის მწვრთნელის განცხადებით მისი მომავლის გაურკვევლობა ფეხბურთელებზე ზეგავლენას არ ახდენს: "როდესაც ჩემი ფეხბურთელები მოედანზე არიან, ისინი ყველაფერს აკეთებენ წარმატებისთვის. შემადგენლობაში აბსოლუტურად ყველა პროფესიონალია და ნებისმიერ მწვრთნელთან ამ მიდგომით იმუშავებენ. სამწუხაროდ ჩემი მოთხოვნების მიუხედავად არაფერი იცვლება." 

ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად გუარდიოლა, მაგრამ სპორტულ მედიაში უკვე გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, თუ ვინ ჩაანაცვლებს "ბარსელონას" და "ბაიერნის" ყოფილ მწვრთნელს. საუბარი იულიან ნაგელსმანზე და მაურისიო პოჩეტინოზე გახლავთ.

თავად ხელმძღვანელობას ძალიან სურს პეპის გუნდში დატოვება. გუარდიოლამ ბოლო 4 სეზონიდან, ორჯერ მოახერხა პრემიერ ლიგის მოგება და "სიტის" ბოსებს მისი გუნდიდან გაშვება არ სურთ.

ყველაფერს ნათელი სულ მალე მოეფინება და გაირკვევა რჩება თუ არა გუარდიოლა გუნდში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები