პრობლემები ფინალამდე: მაკედონიის ნაკრებში კორონავირუსი დადასტურდა
Aa
Aa

პრობლემები ფინალამდე: მაკედონიის ნაკრებში კორონავირუსი დადასტურდა

მაკედონიური მედიის ცნობით იგორ ანგელოვსკის გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელიც გუნდის ლიდერი არაა, კორონავირუსი დაუდასტურდა. Sportmedia.mk-ს ცნობით ინფიცირებულ მოთამაშეს ნაკრების სხვა წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია, ის ამჟამად იზოლაციაში იმყოფება და მისი საქართველოს ნაკრებთან თამაში გამორიცხულია. წყარო ფეხბურთელის ვინაობას არ ასახელებს.

ინფიცირებულის გარდა გუნდის სხვა წევრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა მათ ტესტი კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ.

ანგელოვსკის გუნდში კიდევ ერთი პრობლემაა, ზაგრების ''დინამოს'' მოთამაშე არიენ ადემმა ტრავმა მიიღო და მისი თბილისში გამგზავრებისა და ფინალში თამაშის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ადემი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მისი არყოფნა ანგელოვსკის გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

ერთადერთი დადებითი სიახლე მაკედონიის ნაკრებში გორან პანდევს უკავშირდება, რომელიც იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად თბილისში ჩამოვა და ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ''პანიკის გარეშე'' - ამ სათაურით აქვეყნებს მაკედონიური Sportmedia.mk პანდევის შესახებ ინფორმაციას. ცხადია, ანგელოვსკის გუნდისთვის გამოცდილი ფეხბურთელი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რაც მიმდინარე შემოდგომაზე ჩატარებულმა მატჩებმაც აჩვენა. თბილისს ასევე ეწვევა ''ნაპოლის'' მოთამაშე ელიფ ელმასი.

შეგახსენებთ, იტალიური მედია იუწყებოდა, რომ ''ჯენოა'' და ''ნაპოლი'' ფეხბურთელების ნაკრებში გაშვებას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების გამო არ გეგმავდნენ, თუმცა მოთამაშეები ნაკრებს შეუერთდებიან.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები