Aa Aa
22 ოქტომბერი 2020  |  00:47

სანაქებო დაცვა განადგურებულია! - ბაიერნმა ატლეტიკოს შანსი არ დაუტოვა

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და "ატლეტიკოს" შორის. "რეკორდმაისტერმა" სიმეონეს გუნდი 4:0 გაანადგურა. 

მატჩის წინ გულშემატკივრების ნაწილი ფიქრობდა, რომ ფლიკის გუნდს "როხიბლანკოს" დაცვასთან ჭიდილი გაუჭირდებოდა. ამ მოსაზრებას კი მიუნხენელების დანაკლისი ამყარებდა. "ბაიერნს" ორი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ლეროი სანე და სერჟ გნაბრი დააკლდა. სანეს ტრავმა აქვს, ხოლო სერჟს გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად "რეკორდმაისტერმა" "ატლეტიკოს" უშანსოდ მოუგო. ანგარიში 28-ე წუთზე კინგსლი კომანმა გახსნა, რასაც პირველი ტაიმის მიწურულს ლეონ გორეცკას გოლი მოჰყვა.

მეორე ნახევარი სიმეონეს შეგირდებმა აქტიურად დაიწყეს და გოლიც გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ჟოაუ ფელიქსს თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა. ამის შემდეგ გერმანული გრანდი არ გაჩერდა და მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა. 66-ე წუთზე ტოლისომ შეარხია ობლაკის კარი ბადე, ხოლო 72-ე წუთზე კომანმა დუბლი გაიფორმა.

ნიშანდობლივია, რომ მადრიდელებმა ბურთი კარის ჩარჩოში  მხოლოდ ერთხელ მოახვედრეს. მასპინძლებმა კი ეს 5-ჯერ გააკეთეს. საბოლოო ჯამში "ბაიერნმა" "ატლეტიკო" თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრა.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერი" მომდევნო მატჩს ბუნდესლიგაში 24 ოქტომბერს "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს. "როხიბლანკო" კი ასევე 24-ში "ბეტისს" უმასპინძლებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში