ბათუმის სტადიონი, სავარაუდოდ, ეროვნული ნაკრების 2 მატჩს უმასპინძლებს
Aa
Aa

ბათუმის სტადიონი, სავარაუდოდ, ეროვნული ნაკრების 2 მატჩს უმასპინძლებს

ერთა ლიგის C ლიგის დარჩენილ ორ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები, სავარაუდოდ, ბათუმის ახლადაშენებულ სტადიონზე გამართავს. ინფორმაციას უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

თუმცა, საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, რაზეც სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სპორტის საათი"-ს ეთერში ისაუბრა. კობიაშვილის განცხადებით, თამაშის ბათუმში გამართვა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

15 ნოემბერს, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ბათუმში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდა. 20 ათას გულშემატკივარზე გათვლილი, უეფა-ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტების მქონე სტადიონის გახსნა პანდემიის გამო გადაიდო.

აქვე კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული ნაკრები "ევრო 2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 12 ნოემბერს, ჩრ.მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები