პაპუნაშვილის დაბრუნება, პირველი შანსი და დრამატული გამარჯვება
Aa
Aa

პაპუნაშვილის დაბრუნება, პირველი შანსი და დრამატული გამარჯვება

რუბენ ბარახას ''სარაგოსამ'' ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი ჩაატარა. ფრედ დასრულებული შეხვედრების შემდეგ არაგონულმა კლუბმა პირველი გამარჯვება დრამატულ შეხვედრაში მოიპოვა. ''სარაგოსამ'' საშინაო შეხვედრაში ''ალბასეტე'' მინიმალური სხვაობით, 88-ე წუთზე კოლუმბიელი ხუან ხოსე ნერვაესის გოლით დაამარცხა.

გასული სეზონის მეორე ნახევარი ''სარაგოსას'' ქართველმა შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა სანტანდერის ''რასინგში'' გაატარა და მიმდინარე სეზონში არაგონული კლუბის რიგებში პირველად ''ალბასეტესთან'' ითამაშა. სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ბარახა ქართველი შემტევის გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი იყო და მას გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ თვლიდა.

პაპუნაშვილს კვლავ სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. მან მიმდინარე სეზონში პირველად ''ალბასეტესთან'' ითამაშა, 25 წლის მოთამაშე თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო და მსაჯის მიერ დამატებული დროის ჩათვლით 14 წუთი იასპარეზა.

Sofascore-მა პაპუნაშვილს 6,8 დაუწერა. გამარჯვებულთა შორის პაპუნაშვილზე დაბალი შეფასება მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა მიიღო. მათ შორის გაიზკა ლარაზაბალმა, რომელიც ქართველის უშუალო კონკურენტია და პაპუნაშვილმა სწორედ ის შეცვალა. ლარაზაბალის შესახებ ცნობილმა არაგონულმა ვებგვერდმა Heraldo-მ დაწერა. გამოცემის მიხედვით ლარაზაბალი საკმაოდ ინერტული იყო, თუმცა პაპუნაშვილს შესაძლებლობების გამოვლენისთვის დიდი დრო არ მიეცა.

14-წუთიან მონაკვეთში თბილისის ''დინამოს'' ექს-შემტევის პასების 88 პროცენტი ზუსტი იყო, ის ხშირად ითხოვდა ბურთს და ე.წ. ''ქი'' პასი ორჯერ შეასრულა, თუმცა საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა არ მიუღია. ლარაზაბალის ცუდი თამაშის ფონზე შესაძლოა შემდეგ შეხვედრაში პაპუნაშვილმა მინდორზე მეტი დრო გაატაროს, რაც იმ ფაქტორზეც იქნება დამოკიდებული თუ როგორ წარმოაჩენს ფეხბურთელი თავს სავარჯიშო პროცესებისას.

მატჩის დასრულების შემდეგ ბარახას მედიასთან პაპუნაშვილის ან ლარაზაბალის შესახებ არ უსაუბრია. მისი კომენტარი ზოგადი შინაარსის იყო, ''ვალენსიას'' ექს-ნახევარმცველმა გუნდის პროგრესს ხაზი გაუსვა.

''სარაგოსას'' დღევანდელი დილის ვარჯიში

3 მატჩის შემდეგ ''სარაგოსა'' დაუმარცხებელია, ბარახას გუნდის ანგარიშზე 5 ქულაა.

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ''სარაგოსა'' შემდეგ მატჩს საკუთარ კედლებში ''მალაგასთან'' გამართავს. შეხვედრა 18 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები