ქანთარია ბელარუსულ გამოცემასთან:
Aa
Aa

ქანთარია ბელარუსულ გამოცემასთან: "თქვენი ნაკრებიდან ლისაკოვიჩსა და სტასევიჩს გამოვყოფდი"

გიორგი ქანთარია 2017 წლიდან ბელარუსში თამაშობს და იქაური უმაღლესი ლიგის გუნდ „ნემანის“ ღირსებას იცავს. ქართველ მცველს ბელარუსული ვებგვერდი football.by საქართველო-ბელარუსის მოახლებული მატჩის შესახებ ესაუბრა.

- შეაფასეთ შანსები. რომელ ნაკრებს მეტი შანსი აქვს ფინალში გასასვლელად?

- რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ საკვალიფიკაციოს ფინალში საქართველო გავა. ჩვენ ახლა გვყავს ძალიან კარგი ნაკრები, რომლის ბევრი წევრი ტოპ ჩემპიონატში თამაშობს და დიდი გამოცდილებაც აქვს. თითოეული ქართველი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ბელარუსი უბრალო მეტოქე არაა და იციან, რომ თქვენს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, ამიტომ გააზრებული და ფრთხილი თამაშიც საჭიროა. ბუნებრივია, თითოეულ ჩემს თანამემამულეს გააზრებული აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ახლა იდეალური შანსია.

- კონკრეტულად რომელ ფეხბურთელებს გულისხმობდით?

- ლისაკოვიჩსა და სტასევიჩს. ორივე ძალიან ტექნიკურია. ლისაკოვიჩი ახალგაზრდა და სწრაფი მოთამაშეა, სტასევიჩს კი ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს და მნიშვნელოვანი პასების გაკეთება და ხიფათის შექმნა ნებისმიერ მომენტში შეუძლია.

- რისი შეიძლება ეშინოდეს საქართველოს ნაკრებს ბელარუსისგან?

- თქვენ ფიზიკურად ძლიერი გუნდი გყავთ და შემადგენლობაში ბევრი მაღალი ფეხბურთელიცაა, შესაბამისად, შეიძლება, ხიფათი სტანდარტული მდგომარეობებიდან შექმნათ. ასევე, ვფიქრობ, თქვენი ნაკრები კარგია კონტრშეტევებზე, რომლებიც ასევე ჩვენთვის შეიძლება სახიფათო გამოდგეს.

- რამდენად შეძლებენ ქართველი მცველები მაღალ ბელარუს ფეხბურთელებთან გამკლავებას?

- შეძლებენ! სიმაღლე არც მათ აკლიათ და ძალიან გამოცდილებიც არიან. ვფიქრობ, ჩვენი მწვრთნელი მათ სტანდარტულ მდგომარეობებსა და ჩაწოდებებზე ყურადღებას გაუმახვილებს.

- ვის გამოყოფდით საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან?

- ჩვენ ფეხბურთელების ძალიან კარგი არჩევანი გვაქვს. ცალკე კი რომელიმეს გამოყოფა არ შემიძლია. არის სწრაფი და ტექნიკური ოქრიაშვილი, რომელსაც თქვენი ნაკრებისთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია. არის ახალგაზრდა და ბრწყინვალე ფორმაში მყოფი კვარაცხელია... დიახ, მთლიანად გუნდი კარგადაა დაბალანსებული და მის ბირთვს ძლიერ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენენ.

- საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ მატჩს მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი უწოდა. მთელი გუნდისთვის ასეა?

- დიახ, რა თქმა უნდა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ყოველთვის არ გეძლევა, ამიტომ მას გამოყენება სჭირდება. ამჟამად ნაკრებში მყოფ რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრე და თითოეული მათგანი მხოლოდ გამარჯვებაზეა მომართული. მენტალურად ყველას თავში სწორედ ეს ტრიალებს და ჩვენი წარმატების გვჯერა.

- თამაში მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ცარიელი ტრიბუნები - ეს ბელარუსისთვის პლუსია?

- ეს ორივე გუნდისთვის მინუსია. მატჩისას სტადიონზე გულშემატკივრის ყოფნა არა მხოლოდ მასპინძელი გუნდის მხარდაჭერაა, არამედ საერთო სათამაშო ატმოსფეროს განაპირობებს და მნიშვნელოვანია, როგორც მასპინძლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის.

23 წლის ქანთარია ზუგდიდშია დაბადებული და 2015-16 წლებში თამაშობდა „დინამო ზუგდიდში“, რომლიდანაც სწორედ „ნემანში“ გადავიდა. მისვლის დღიდან გიორგი გროდნოელთა ძირითადი შემადგენლობის წევრია და გუნდის მაისური უკვე 91 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები