Aa
Aa

"მისმა დამოკიდებულებამ გამაცოფა" - ტიაგო სილვა ლეონარდოზე

2019/2020 წლის სეზონის დასრულების შემდეგ ვეტერანმა ტიაგო სილვამ "პარი სენ ჟერმენი" დატოვა და ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა France Football-თან ინტერვიუში ლეონარდოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პსჟ-ს სპორტული დირექტორი მას უპატივცემულოდ მოექცა.

"საფრანგეთის ლიგა 1 ნაადრევად დასრულდა და მე ბრაზილიაში გავემგზავრე. სამშობლოში კარანტინის უკიდურესი ზომები გახლდათ და მეც ამ ყველაფერს ვემორჩილებოდი. კლუბთან არსებული კონტრაქტი მიმთავრდებოდა და განახლებაზე არავინ არაფერს ამბობდა.

ერთ დღეს ლეონარდომ დამირეკა და მომიკითხა. მას ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებდა. ამის შემდეგ მკითხა, გავაგრძელებდი თუ არა ხელშეკრულებას კიდევ ორი თვით, რადგან გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ეთამაშა. რა თქმა უნდა დავთანხმდი, მაგრამ საუბარი მხოლოდ 2 თვეზე იყო. 

ფინალის წაგების შემდეგ ახალი ხელშეკრულება არ გამიფორმეს და ისე დამემშვიდობნენ, თითქოს რიგითი მოთამაშე ვიყავი. კლუბში 8 წელი გავატარე და წარმატებისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. ასეთი მიდგომა არ დამიმსახურებია. ლეონარდომ იგივე ედისონ კავანისაც გაუკეთა. ის ყველანაირი ცერემონიის გარეშე გაუშვეს, არადა ურუგვაელი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ გამაცოფა.

საფრანგეთის დატოვების შემდეგ მცირე დეპრესია მქონდა, რადგან თავს უსარგებლოდ ვგრძნობდი. საბედნიეროდ "ჩელსი" გამოჩნდა, რომელმაც ახალი შანსი მომცა. ჩემს ასაკში მაღალ დონეზე და კარგ კლუბში თამაში რთულია, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და გუნდისთვის დახმარება ახლაც შემიძლია. ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი, რომ ჩემით მაღალი დონის კლუბი დაინტერესებულიყო და საბოლოო ჯამში ასეც მოხდა." - განაცხადა სილვამ

ვეტერანმა ფეხბურთელმა პარიზულ გრანდში 8 წელი გაატარა და 23 ტიტული მოიგო. შეგახსენებთ, რომ ტიაგომ პსჟ-ს მაისური 315-ჯერ მოირგო და 17 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები