''ეს იყო სირცხვილი, კრახი და კატასტროფა'' - დინამოს ექს-მწვრთნელი უმძიმეს მარცხზე
Aa
Aa

''ეს იყო სირცხვილი, კრახი და კატასტროფა'' - დინამოს ექს-მწვრთნელი უმძიმეს მარცხზე

თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის უმძიმესი მარცხის შესახებ ''რუსთავი 2''-თან ისაუბრა.

კახი გოგიჩაიშვილი 1988-91, 1995-97 და 1998-99 წლებში თბილისის ''დინამოს'' ფეხბურთელი იყო. შემდგომში კლუბის ახალგაზრდულ გუნდსა და თბილისის ''დინამოს'' პირველ გუნდს ხელმძღვანელობდა. 2014-15 წლებში კახი გოგიჩაიშვილი თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა გუნდმა ჩემპიონობა ვერ მოიპოვა და სეზონის მიწურულს გია გეგუჩაძემ შეცვალა.

კახი გოგიჩაიშვილი: ''დინამოს'' მარცხი ძალიან მტკივნეული და საწყენია. რთულია მატჩის შეფასება. ფაქტია, დიდი ანგარიშით დავმარცხდით და ''დინამომ'' როგორც კლუბის, ასევე ზოგადად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ძალიან ცუდი ფურცელი ჩაწერა.

ყველანი კრიტიკულად ვართ განწყობილნი, მარცხს გამართლება არ აქვს.

კლიმატური პირობები ან ხელოვნურ საფარზე თამაში მარცხის გამამართლებელი არგუმენტი ვერ იქნება. ამ კრახს გამართლება არ აქვს. ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ველოდი, რომ ''დინამოს'' მძიმე შეხვედრა ელოდა და შესაძლოა ''კლაკსვიკის'' ბარიერი ვერ დაეძლია. ჩვენი ვიხილეთ ძალიან ცუდი თამაში ''ტირანასთან'' თუ უელსურ კლუბთან შეხვედრაში, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ისტორიული შანსი დავკარგეთ.

''დინამომ'' მიიღო ის, რასაც წლებია თესავს. რასაც კლუბის ხელმძღვანელები თესავენ თავიანთი მიდგომებით, შედეგიც შესაბამისია. 10 წელია კლუბის პრეზიდენტია რომან ფიფია, რომელსაც გვერდით ბევრი უფროსი და მრჩეველი ჰყავს. ყველა ქვეყანა და კლუბი წინ მიდის, მაგრამ ''დინამო'' უკან ეშვება. ყველაფრის სათავე თავიდან იწყება. მთავარი პასუხისმგებელი პირი რომან ფიფიაა.

წილისყრაში ძალიან გაგვიმართლა, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ისტორიული შანსი დავკარგეთ. წმინდა სპორტული კუთხით უდიდესი შანსი ვერ გამოვიყენეთ.

უფრო სუსტს ვის უნდა მოვუგოთ? სან მარინოს კლუბს?''

შეგახსენებთ, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების მოქმედმა ჩემპიონმა ''კლაკსვიკმა'' საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის ''დინამო'' 6:1 გაანადგურა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა დენი პავლოვიჩის ერთადერთი გოლით მოიგეს. მის გარდა თბილისური კლუბის კარში გოლები პატრიკ იოჰანესენმა და იონ იოჰანესენმა გაიტანეს, ხოლო პალ კლეტსკარდმა ჰეთ-თრიკი 13-წუთიან მონაკვეთში შეასრულა. ერთადერთი საპასუხო გოლი ბრაზილიელი ფეხბურთელის, პერნამბუკოს ანგარიშზეა, რომელმაც 71-ე წუთზე თავი გამოიჩინა და ანგარიში 4:1 გახდა, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს.

მასალაში გამოყენებულია თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები