ხედირა, პიაცა, დე შილიო - იუვენტუსს ისინი აღარ სჭირდებიან
Aa
Aa

ხედირა, პიაცა, დე შილიო - იუვენტუსს ისინი აღარ სჭირდებიან

სპორტული გამოცემა "ტუტოსპორტი" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსმა" სამი ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა. ესენი ხედირა, პიაცა და დე შილიო არიან.

ინფორმაციის მიხედვით ვიგებთ, რომ მათი გაშვების მთავარი მიზეზი სახელფასო ბიუჯეტის შემცირება და დაზოგვაა. ტურინული გრანდი სამივე მათგანს ჯამში 25 მილიონ ევროს უხდის და ფაქტიურად მათ ვერ იყენებს.

სამი ხედირა ასაკშია და დიდი ხანია ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად აღარ მოიაზრება. მარკო პიაცას კი მუდამ ტრავმები ტანჯავს და ვერაფრით მოახერხა გაცემული ავანსების გამართლება. რაც შეეხება დე შილიოს, იტალიელი შედარებით უკეთეს სიტუაციაში, რადგან მას თამაში ხშირად უწევს. მიუხედავად იმისა, რომ დე შილიო ხედირაზე და პიაცაზე მეტს თამაშობს, გულშემატკივრებს ის არ მოსწონთ და ხშირად აკრიტიკებდნენ მწვრთნელს, მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენების გამო.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელს სამივე ფეხბურთელი "ბებერ ქალბატონს" დატოვებს.

პიაცა "იუვეში" 2016 წლის ზაფხულში ზაგრების "დინამოდან" გადავიდა. ხორვატ ფეხბურთელზე დიდი იმედები მყარდებოდა, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ გაუთავებელმა ტრავმებმა მას ხელი შეუშალა. ჯამში მარკომ 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

დე შილიო მრავალი წლის განმავლობაში "მილანში" ასპარეზობდა, თუმცა "იუვენტუსის" ბოსებმა იგი 2017 წელს "ბიანკონერიში" გადმოიყვანეს. იტალიელმა 3 სეზონის მანძილზე 61 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სამი ხედირა ტურინში 2015 წელს დიდი ამბიციებით ჩავიდა. იმ დროს გერმანელი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახლდათ. 33 წლის ფეხბურთელი პირველ წლებში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ჯამში მან 144 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 21 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები