როდის და როგორ? | მწვრთნელები, რომლებმაც ლიგის ეპოქაში ტრებლი მოიგეს
Aa
Aa

როდის და როგორ? | მწვრთნელები, რომლებმაც ლიგის ეპოქაში ტრებლი მოიგეს

თანამედროვე ფეხბურთში სულ რამდენიმე მწვრთნელი არსებობს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში (1992 წლიდან) ტრებლის მოგება მოახერხა. ასეთი შემთხვევა ექვსჯერ დაფიქსირდა.

სტატიაში ვისაუბრებთ ამ მწვრთნელებზე და მათი გუნდების კონკრეტულად იმ ტრიუმფალურ სეზონზე. მივყვეთ თანმიმდევრობით:

ალექს ფერგიუსონი - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1998/99 .წ.

1998/99 წლების სეზონი "წითელი ეშმაკებისა" და ფერგიუსონისთვის განსაკუთრებული გამოდგა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფერგიუსონის გაწვრთნილმა „მანკუნიანელებმა“ "ნოუ კამპზე", მიუნხენის "ბაიერნი" 2:1 დაამარცხეს. გერმანელები ინგლისელებს მთელი მატჩის განმავლობაში 1:0-ს უგებდნენ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო “ქამბექი“ შეასრულეს.

პირველი გოლი ტედი შერინგემმა გაიტანა, რასაც "მანჩესტერის" დღევანდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა ზუსტად ორ წუთში მეორე გოლი მიამატა და მიუნხენელებს თითქმის მოგებული ლიგის თასი ჯიბიდან ამოაცალა.


პრემიერ ლიგის 1998-99 წლების სეზონში სატურნირო მდგომარეობა დაძაბული იყო. ჩემპიონობისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი“ და "არსენალი" იბრძოდნენ. ფერგიუსონის გუნდს ჩემპიონობისთვის ბოლო ტურში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამარჯვება სჭირდებოდა.

დევიდ ბექჰემისა და ენდი კოულის გოლებით "ეშმაკებმა" შეხვედრა მოიგეს და პრემიერ ლიგის ტიტულს დაეუფლნენ.

FA CUP-ის ფინალში "იუნაიტედმა" ჩელსის აჯობა. პირველი შეხვედრა "ოლ ტრაფორდზე" ფრედ 0:0 დასრულდა. განმეორებითში კი სტუმრებმა შერინგემისა და სქოულზის გოლებით 0:2 გაიმარჯვეს.

პეპ გუარდიოლა - "ბარსელონა" 2008/09 .

პეპ გუარდიოლას პირველივე სამწვრთნელო სეზონი ტრიუმფალური აღმოჩნდა. ახალგაზრდა სპეციალისტის “ბარსამ“ მოიგო ყველა ის ტურნირი, რომელზეც მონაწილეობდა!

რომის ოლიმპიურ სტადიონზე, "ბლაუგრანა" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

"ბარსელონადან" გოლები სამუელ ეტოომ და ლიონელ მესიმ გაიტანეს. აღსანიშნავი იყო ის ფაქტი, რომ კრიშტიანუ რონალდუ და მესი  ევროტურნირის ფინალში - პირველად, კარიერაში კი მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. კატალონიელთა ეს შეხვედრა ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მატჩად არის მიჩნეული.

პირველი გოლი სამუელ ეტოომ მატჩის მე-10 წუთზე გაიტანა. კამერუნელმა უძლიერესი დარტყმით, ვან დერ საარს ახლო კუთხეში გაუტანა. რაც შეეხება მეორე გოლს, ჩავი ერნანდესის უალამაზესი გადაცემა, მესიმ თავით გადაგზავნა კარში და ჰოლანდიელ მეკარეს შანსი არ დაუტოვა. "ბარსელონასთვის" ეს რიგით მე-3 ჩემპიონთა ლიგის ტიტული იყო.


ლა ლიგაში გუარდიოლას გუნდმა 105 გოლი გაიტანა, 87 ქულა დააგროვა და მთავარ კონკურენტ „რეალს“ 9 ქულით გაუსწრო.

"კოპა დელ რეის" ფინალში, “ბლაუგრანამ“ ბილბაოს "ატლეტიკი" მარტივად - 4:1 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან თავი იაია ტურემ, მესიმ, ბოიან კრკიჩმა და ჩავიმ გამოიჩინეს.

ჟოზე მოურინიო - "ინტერი" 2009/10 .წ.

ჟოზე მოურინიოსთვის 2009/10 წლის სეზონი თავიდან საკმაოდ რთულად დაიწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, კლუბმა სეზონი ტრიუმფით დაასრულა. “ნერაძურიმ“ ტრებლი მოიგო და გახდა პირველი იტალიური კლუბი, რომელმაც ეს გააკეთა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩამოაყალიბა შესანიშნავი დაცვითი სისტემა და იმ წელს "ინტერისთვის" გოლის გატანა საკმაოდ რთული იყო.

სეზონის დასაწყისში ჟოზემ მადრიდის "რეალიდან" დაიმატა უესლი სნეიდერი, რომელიც გუნდის საკვანძო ფეხბურთელად იქცა. დაცვითი ფეხბურთის ფონზე, შეტევაში დიეგო მილიტო ბრწყინავდა. არგენტინელს აქტიურად სამუელ ეტოო და გორან პანდევი  ეხმარებოდნენ. თავდასხმის ამ ტრიოს კი სნეიდერი საგოლე გადაცემებით ამარაგებდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ინტერმა" დიეგო მილიტოს დუბლის წყალობით "ბაიერნი" დაამარცხა. ფინალზე უფრო დრამატული, ნახევარფინალი გამოდგა. მოურინიოს ბიჭებმა ორი მატჩის ჯამში "ბარსელონას" 3:2 მოუგეს. ფინალში გამარჯვების შემდეგ ჟოზე გახდა მესამე მწვრთნელი, რომელმაც ლიგის მოგება ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად შეძლო. პირველად მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის ტიტული "პორტოსთან" ერთად აღმართა.


სერია ა-ში ჩემპინობისთვის "ინტერს" "რომა" ებრძოდა. "ნერაძურიმ" ტიტული უკანასკნელ ტურში, სტუმრად "სიენასთან"  გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. ერთადერთი გოლი დიეგო მილიტომ, მატჩის 57-ე წუთზე გაიტანა. საბოლოოდ, ჟოზეს გუნდმა, რომაელებს 2 ქულით გაასწრო. 38 ჩატარებულ შეხვედრაში 82 ქულა - 24 გამარჯვება, 10 ფრე, 4 წაგება.

იტალიის თასის ფინალში "ინტერმა", კვლავ დიეგო მილიტოს ერთადერთი გოლით, "რომას" აჯობა.

იუპ ჰაინკესი - "ბაიერნი" 2012/13 .წ.

2011/2012 წლის სეზონში "ბაიერნმა" ლოკალური კრახი განიცადა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეკორდმაისტერი" "ალიანს არენაზე" ჩელსისთან დამარცხდა, ხოლო ბუნდესლიგის სინი "დორტმუნდის" ნადავლი გახდა. ამის შემდეგ კლუბმა სრული მობილიზაცია მოახდინა და შემდეგ სეზონში შური იძია.

2012/13 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი "უემბლიზე" გაიმართა. “ბაიერნი“ იურგენ კლოპის დორტმუნდის „ბორუსიას" დაუპირისპირდა.

ანგარიში 50-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩმა გახსნა. ხორვატის გოლს 58-ე წუთზე ილქაი გიუნდოგანმა პენალტით უპასუხა. გადამწყვეტი გოლი ნიდერლანდელმა არიენ რობენმა 89-ე წუთზე გაიტანა და გუნდს 12-წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრი ტიტული მოაგებინა. 


იუპ ჰაინკესის გუნდმა ბუნდესლიგა 91 ქულით დაასრულა. მეორე ადგილზე გასულმა "დორტმუნდის ბორუსიამ" მხოლოდ 66 ქულის მოგროვება შეძლო.

გერმანიის თასის ფინალში მიუნხენელებმა "შტუტგარტი" დაამარცხეს ანგარიშით 3:0. მატჩში ორი გოლი მარიო გომესმა გაიტანა, ერთი კი ტომას მიულერმა.

ლუის ენრიკე - "ბარსელონა" 2014/15 .წ.

მსგავსად 2008/09 წლის სეზონისა, 2014/15 წლის სეზონიც "ბარსელონასთვის" წარმატებული აღმოჩნდა. 

ლუის ენრიკემ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტატა მარტინო ჩაანაცვლა და ტრებლის მოგება სადებიუტო სეზონშივე მოახერხა. ასევე სადებიუტო სეზონი იყო MSN-ის ტრიოსთვის, რომელმაც ფანტასტიკური თამაში აჩვენა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და 3:1 სძლია. კატალონიელთა მხრიდან გოლები რაკიტიჩმა, სუარესმა და ნეიმარმა გაიტანეს. "ბებერი ქალბატონიდან" თავი, ალვარო მორატამ გამოიჩინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგის თასი ისტორიაში მეხუთედ აღმართა.

კატალონიელებმა ლა ლიგის გათამაშება 94 ქულით დაამთავრეს. მეორე ადგილზე კი მადრიდის "რეალი" 92 ქულით გავიდა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა 38 შეხვედრაში 110 გოლი გაიტანეს.

"კოპა დელ რეის" ფინალში, "ბლაუგრანა" კვლავ "ბილბაოს" შეხვდა და 3:1 მოუგო. მატჩიდან გამოსარჩევია მესის გოლი. “ლა პულგამ“ მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო შეტევა, მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და იაგო ერენინს ახლო კუთხეში გაუტანა. მოგვიანებით, ამ გოლმა პუშკაშის ჯილდო მოიპოვა. ნეიმარმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში კი ლიონელმა დუბლის შესრულება შეძლო. "ბილბაოდან" ერთადერთი გოლი ინაკი უილიამსის ანგარიშზეა.

ჰანსი ფლიკი - "ბაიერნი" 2019/20 .წ.

მიუნხენის "ბაიერნი" გახდა პირველი  - გერმანული და ზოგადად მეორე გუნდი, რომელმაც ტრებლის მოგება ორჯერ მოახერხა.

"რეკორდმაისტერმა" სეზონი ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით დაიწყო და ცუდი შედეგების გამო ხორვატი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფლიკი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით დანიშნეს, მაგრამ კლუბმა სათამაშო ხარისხი ისე გააუმჯობესა, რომ გერმანელს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ნოემბერში "ბაიერნი" ბუნდესლიგის ლიდერს 14 ქულით ჩამორჩებოდა, რაც გულშემატკივრებისთვის მიუღებელი იყო. ფლიკმა დროთა განმავლობაში გუნდი მაღალ საფეხურებზე აიყვანა და საბოლოოდ, პირველი ადგილიც მოაპოვებინა.

"რეკორდმაისტერმა" მეორე ადგილზე მყოფ "დორტმუნდის ბორუსიას" 13 ქულით გაასწრო და „ვერცხლის სინს“ კიდევ ერთხელ დაეუფლა.

გერმანიის თასის ფინალში "ბაიერნმა" ლევერკუზენის "ბაიერი" 4:2 დაამარცხა. ორი გოლი ლევანდოვსკიმ გაიტანა, თითო კი ალაბასა და გნაბრის ანგარიშზეა.

ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გერმანელებმა პსჟ მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში 59-ე წუთზე, ფრანგმა შემტევმა ნახევარმცველმა, კინგსლი კომანმა გაიტანა. მანუელ ნოიერი გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ორჯერ მოახერხა ტრებლის მოგება. 

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ “ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონში 11-ვე მატჩი მოიგო და ტურნირის ყველა დროის რეკორდი დაამყარა, რაც გათამაშებაზე ყველა თამაშის მოგებით გაჩემპიონებას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები