ფლიკის პრესკონფერენცია:
Aa
Aa

ფლიკის პრესკონფერენცია: "ვიცით, რომ მათ ძალიან სწრაფი გუნდი ჰყავთ"

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ფრანგულ-გერმანული დაპირისპირება 1976 წლის შემდეგ პირველად შედგება. მაშინ "ბაიერნმა" "სენტ ეტიენი" დაამარცხა და ჩემპიონთა თასი ზედიზედ მესამედ მოიგო, ამჯერად კი მეტოქე "პარი სენ ჟერმენია", რომელიც ფინალის დებიუტანტი გახლავთ. "ბაიერნი" ფინალში მე-11-ედ მონაწილეობს.

მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა მოახლოებული მატჩი მედიის წარმომადგენლებთან შეაფასა.

„ჟერომ ბოატენგთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემს შტაბთან ერთად თამაშის დაწყებამდე საათებით ადრე მივიღებ. იმედია, იგი მოედანზე გასასვლელად მზად იქნება.

ბოლო 10 თვის განმავლობაში ვიპოვეთ ჩვენი თამაში, რომელიც ძალიან მიმზიდველია, დამყარებულია ძალიან მაღალ პრესინგზე, რაც წარმატების გარანტი ხდება. ასე რომ, ფინალში სტილის დიდად შეცვლას არ ვაპირებთ.

რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩვენს დაცვასა და მეკარეს შორის დიდ სივრცეს ვტოვებთ, რაც ისევ და ისევ მაღალი პრესინგითაა განპირობებული. მნიშვნელოვანია, რომ ბურთიანი მეტოქე მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე დავპრესოთ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ ისეთი მომენტებისთვისაც, როცა ბურთი სხვადასხვა ზონებში აღმოჩნდება.

რაც შეეხება ტუხელთან შეხვედრას, ორივე ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევაა და ბედნიერი ვარ, რომ ფინალში სწორედ მასთან დაპირისპირება მომიწევს. მას პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და როგორც საფეხბურთო ექსპერტს.

ჩვენ ვუყურეთ „ლიონთან“ სრულ მატჩს და „ბარსელონასთან“ თამაშის რამდენიმე კადრსაც შევავლეთ თვალი, შემდეგ ისინი ერთმანეთს შევადარეთ. „ლიონს“ ძალიან პირდაპირი შემტევი სტილი ჰქონდა, რაც ხშირ შემთხვევაში გრძელ პასებში გამოიხატებოდა. პსჟ კი, ისევე როგორც „ბარსელონა“, უმაღლესი კლასის გუნდია, ამიტომ მნიშვნელოვანია, სივრცეები ჩავკეტოთ და ბურთის გათამაშების საშუალება არ მივცეთ. ვიცით, რომ მათ ძალიან სწრაფი გუნდი ჰყავთ. 

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 5 გოლი გაუშვეს. ასე რომ, დაცვაც ისეთივე ძლიერი ჰყავთ, როგორიც შეტევა. ტიაგო სილვა, რომელიც თავის პოზიცაზე წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ასევე მარკინიოსი, რომელსაც უდიდესი რესურსი აქვს და დაცვის გარდა, ნახევარდაცვაში თამაშიც შეუძლია. თუმცა, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც, იმედია, სისრულეშიც მოვიყვანთ“.

„ბაიერნი“ მე-4 გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგი ერთ გათამაშებაში 40-ზე მეტი გოლი გაიტანა. ამ მომენტში „რეკორდმაისტერის“ აქტივში 42 შედეგიანი დარტყმაა - თანაც, ერთმატჩიანი მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის ჩატარება მოუწია.

თუკი „ბაიერნი“ ტიტულს მოიგებს, ის „ტრებლს“ შეასრულებს, რაც ერთ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატთან და თასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის მოგებას გულისხმობს. ასეთი რამ ევროპულ ფეხბურთში დღემდე მხოლოდ 7 გუნდს აქვს გაკეთებული - „სელტიკს“ (1966-67); „აიაქსს“ (1971-72); პსვ-ს (1987-88); „მანჩესტერ იუნაიტედს“ (1998-99); „ბარსელონასა“ (2008-09 და 2014-15) და „ინტერს“ (2009-10).

ასე რომ, „ბაიერნს“ აქვს შანსი, „ბარსელონას“ შემდეგ მეორე გუნდი გახდეს, რომელიც „ტრებლს“ ორ სხვადასხვა სეზონში შეასრულებს. 2012-13 წლების სეზონის იუპ ჰაინკესის გუნდიდან „რეკორდმაისტერში“ ამჟამად 5 ფეხბურთელია: მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, დავიდ ალაბა, ხავი მარტინესი და ტომას მიულერი.

პსჟ-სა და „ბაიერნის“ ფინალური მატჩი ლისაბონის „და ლუჟის“ არენაზე თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება. თამაშს იტალიელი დანიელე ორსატო განსჯის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები